213398653ციხი

ბედისწერა

Comments

ირგვლივ სიმშვიდეა. სიმყუდროვეს მხოლოდ ტალღების ხმა არღვევს. რა ლამაზია როცა წინ ხედავ ზღვას, რომელიც თითქოს ციმციმებს, თუ ზევით შესცქერი მეორე საოცრებას გადაეყრები ადამიანი, მუქი ლურჯი ცა, კარგად დაკვირვებისას შევამჩნევთ რომ  ცაში ღრუბლები ნახატებით გვესაუბრებიან, აქ ყველაფერი არ მთავრდება, უკან მოხედვისას  უზარმაზარ და ურყევ კლდეებს დავინახავთ.აი, ასეთ საოცრებას შევცქერი, ახლა ვზივარ ზღვაში შეჭრილ მოაჯირთან, ჩემს ფეხებს შორიდან მოსული ტალღები ასველებს და როგორც უკვე აღვნიშნე სიჩუმე სუფევს. ალბათ,  დაგებადებათ კითხვა, ჩემო მკითხველო, რატომ არ არღვევს ამ გარემოს ხალხის ჟრიამული. პასუხი მარტივია- ზამთარია, სიცივეა და მე აქ მარტო ვარ. მხოლოდ აქ კი არა, ყოველთვის ასე მარტო ვარ, თითქოს უფსკრულში ვიჩეხები, ვცდილობ კლდეს ჩავეჭიდო და ზღვას მისკენ მივყავარ, ის მპირდება ბედნიერებას, ერთგულებასა და სიყვარულს.მინდა მივენდო, თუმცა რაღაც მაჩერებს. არ ვიცი რა, ეს რაღაც ამოუცნობია. ნუთუ მეშინია ამ სამყაროდან წასვლის, მაგრამ მე ხომ მარტო ვარ, ყოველი დილა მწუხარებით იწყება, მინდა ვიპოვე ერთი მიზეზი მაინც სიცოცხლის და პასუხს ვერ ვპოულობ. ამდენი ფიქრი რა საჭიროა სიცოცხლეზე უარის თქმისათვის. სწორედ ამ ფიქრებში ვარ გართული, როცა შორიდან ფეხის ხმა მესმის, ამ დროს ორი გრძნობა ერთდროულად მეუფლება- ერთი ეს იყო სიმყუდროვის დარღვევის, რაც არ მინდოდა, მეორე კი- იმედი, ჩემი სიცოცხლის. უკვე ფეხის ხმა ახლოვდება, ზღვას შევცქერი და ჩრდილს ვხედავ. ვიღაც უცნობი სხარტად ჩემს გვერდით ჯდება. სანამ ისიც ჩემს მსგავსად ფეხებს ტალღებს მიანდობს ფეხსაცმელს იხდის და ჩემი ფეხსაცმელების გვერდით აწყობს.გაოცებული შევცქერი ამ მოხუც კაცს. ის იღიმის და მეუბნება:
-როგორი თბილი წყალია. კარგია როცა ასეთ გარემოში ადამიანი სიმშვიდეს პოულობს.
მე კი ვპასუხობ რომ სიმშვიდე ვერ ვიპოვე, მხოლოდ აქ კი არა- ვერსად. ჩემს სულში მუდმივი განსაცდელი სუფევს.
-ალბათ არასწორ გზაზე დგახარ, შვილო, მინდა იცოდე გზა მრავალია, მთავარია ის სწორად აირჩიო.
-ჩემთვის ნათელი გზა აღარ არსებობს – ვპასუხობ მე
-რატომ? შეიძლება უბრალოდ დაიკარგე და გზააბნეული ფიქრობ რომ ეს ბოლო გზა იყო, შესაძლოა პირველმა დაბრკოლებამ შეგაშინა და შეგაჩერა.
-არა, ასე არ არის. ცხოვრებაში მხოლოდ უბედურება მინახავს. სხვა არაფერი, ჩემზე უბედური არავინ დაიარება ამ ქვეყნად.
-არ გინდა მიამბო?შემდეგ კი მე განვსაზღვრავ ხარ თუ არა ყველაზე უბედური.
-არ მინდა ჩემმა უბედურებამ შენც გული შეგიწუხოს.
-შვილო, ბევრი რამ მინახავს ცხოვრებაში, ოთხმოცი წლის ვარ, ასე რომ…
გაჩერდა. კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა. გავიფიქრე, რადგან ჩემი ისტორიის მოსმენა უნდა მეც მოვუყვები და თან დავიწყე თხრობა:
-კარგი,მაშ, ყველაფერს თავიდან დავიწყებ. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა თხუთმეტ წლამდე, როცა ჩემს გვერდით ჩემი მშობლები იყვნენ, არაფერზე ვფიქრობდი, ყოველი დილა მათთან ერთად იწყებოდა. მამას, რომელსაც ლეონი ერქვა, სკოლაში მივყავდი, შემდეგ კი სამსახურში მიდიოდა. დედა, ავრორა,ღიმილით გაგვისტუმრებდა და მთელი დღე ფუსფუსებდა, სკოლიდან დაბრუნებულს კარებთან დამხვდებოდა, ჩანთას გამომართმევდა და სკოლის შესახებ მეკითხებოდა ყველაფერს. ერთ დღეს როცა სახლში დავბრუნდი კარებთან არავინ დამხვდა. სახლში შევედი და დავინახე, რომ დედა ძირს იწვა. ვეძახე და ვერ გავაღვიძე, შეშინებულმა ვიყვირე. მალევე მოვიდნენ ახლოს მცხორები, ნახეს რომ დედა უკვე გარდაცვლილი იყო, მე ჯერ არაფერი მითხრეს, მამა მოიყვანეს, მამამ კი ყველაფერი მიამბო. მახსოვს ჩამეხუტა და თქვა რომ დედა აღარ მყავდა. სწორედ იმ წამიდან უმძიმესი ცხოვრება დაიწყო ჩემთვის, რომელიც დღემდე გრძელდება. მახსოვს, მამა როგორ შეიცვალა, დილით ადრე გავიდოდა სახლიდან და გვიან ბრუნდებოდა, ან შეიძლება არც კი დაბრუნებულიყო შინ, სამსახურიდანაც წავიდა. ძალიან გაგვიჭირდა, მე კი ერთი გზა დამრჩა უარი მეთქვა სწავლაზე და სამუშაო დამეწყო, შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით. დილით შვიდ საათზე ვდგებოდი და ფერმაში მივდიოდი. საღამოს სახლში დაბრუნებული ვიწყებდი ტირილს, რადგან არავინ მხვდებოდა. ასე მძიმედ განვლო სამმა წელმა, შემდეგ კი ერთხელ შინ დაბრუნებისას გზაში მაცნობეს, რომ მამა გარდაიცვალა. სიმართლე გითხრა ისე ძლიერ არ განმიცდია, როგორც მაშინ დედა, რადგან თითქოს დედის სიკვდილისას დავკარგე მამაც. მისი ცხოვრება აღარაფერს ჰგავდა. თვრამეტი წლის ასაკში სულ მარტო დავრჩი. ერთადერთი ჩემი ცხოვრების იმედი ფერმაში ჩემთან ერთად მომუშავე მეგობარი, ელი, იყო. ის ცდილობდა ჩემს გამხნევებას. საღამოობით ძალიან დაღლილები სწორედ ამ ადგილას მოვიდოდით და დავიწყებდით საუბარს ცხოვრების შესახებ. მე ჩემს განსაცდელსა და მარტოობაზე ვესაუბრებოდი, ისიც საათობით მისმენდა, მისი ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო ჩემი ბნელი ცხოვრება სინათლით რომ შეცვლილიყო. რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ რაღაც იცვლებოდა ელის მიმართ, ის მხოლოდ მეგობარი კი არა უფრო ძვირფასი ხდებოდა. პირველად მივხვდი რომ შეყვარებული ვიყავი. ჩემი გრძნობების დამალვა უკვე შეუძლებელი ხდებოდა. ერთ საღამოს სახლში დაბრუნებულმა საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მეორე საღამოს ელის ყველაფერს ვუამბობდი. მართლაც ასე მოვიქეცი, სწორედ ამ ადგილას გავუმხილე რომ მე ის მიყვარდა, მალევე თვითონაც გამიმხილა თავისი გრძნობები და რამდენიმე თვის შემდეგ შევუღლდით. თითქოს ყველა უბედურება უკან ჩამოვიტოვე და დავიწყე ახალი ცხოვრება. დილით გაღვიძება მიყვარდა, რადგან ვიცოდი რომ ელი ჩემს გვერდით იყო, მისი ღიმილი და ჩახუტება საშუალებას მაძლევდა ბედნიერ მამაკაცად მეგრძნო თავი. საღამოობით სამსახურიდან დაბრუნებისას ელი მხვდებოდა კარებთან და იწყებდა ძალიან ბევრ საუბარს. ერთ საღამოსაც როცა მოვედი, ბედნიერმა მახარა რომ მალე შვილი გვეყოლებოდა. დრო სწრაფად გადიოდა, ჩვენც მოუთმენლად ველოდებოდით ახალ სიცოცხლეს,რომელიც ჩვენს სახლში შემოანათებდა. გავიდა ეს დროც და დაიბადა პატარა ტომი. ვაჟიშვილის დაბადება, სამწუხაროდ, კვლავ გახდა ჩვენი უბედურების მიზეზი.ტომი ორი წლის ხდებოდა, როცა უცებ ავად გახდა, მე და ელი ვერ ვამშვიდებდით, ამიტომ გადავწყვიტეთ იმ ღამით ჩვენს სოფელში ახლოს არსებულ საავადმყოფოში მიგვეყვანა. როცა მივედით ექიმმა დაგვამშვიდა, აგვიხსნა რომ ბავშვი მალე უკეთ გახდებოდა და ახლა შეგვეძლო მისი შინ წაყვანა, ჩვენც დავბრუნდით სახლში და მშვიდად დავიძინეთ, დილით კი ტომი აღარ სუნთქავდა, ის გარდაიცვალა…
-ვწუხვარ, თანაც როგორ ძლიერ.
-სწორედ ამიტომ გეუბნები ყველაზე უბედური ვარ, აქ როდი მთავრდება ყველაფერი. ამის შემდეგ ელი სრულებით შეიცვალა,ვხვდებოდი რომ უძლური ვიყავი და არაფრის გაკეთება შემეძლო. ის აღარ იღიმოდა და არც საღამოობით მხვდებოდა კარებთან როგორც ადრე. ასე გავიდა ორი წელი. ერთ დღეს როცა სამსახურიდან შინ დავბრუნდი, მაგიდასთან დამხვდა წერილი, სადაც ელი ბოდიშს მიხდიდა და თან მემშვიდებოდა, ის წავიდა, ვეღარ შეძლო ჩემს გვერდით იმ ტკივილთან ერთად ცხოვრება, დამტოვა მარტო. რასაკვირველია, ბევრი ვეძებე, თუმცა ამაოდ. ახლა კი ნამდვილად ვიცი რომ ჩემს უბედურ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს, ელისთან თუ არა ტომთან ხომ მაინც წავალ.
-ცდები! ასე მარტივი გგონია ტომთან მისვლა? აქ ამ პატარა სამყაროში შენს ელის ვერ პოულობ და უსასრულობაში განა შეძლებ ტომის პოვნას?
-ყველაზე უბედური კაცი ხომ მაინც არ ვიქნები ამ სამყაროში?!
-არ ვთვლი რომ ყველაზე უბედური ხარ.
გაკვირვებული შევცქერი, მიკვირს ნუთუ ვერ გაიგო ჩემი ტკივილი რამდენად ღრმაა. არაფერი მითქვამს მიხვდა ჩემი გაოცება და თვითონ დაიწყო საუბარი.
-მინდა ჩემს შესახებაც გიამბო რაღაც. იცი მეც ბედნიერი ვიყავი ოდესღაც, დღეს კი ძალიან დიდი ტკივილის შემდეგ კიდევ უფრო ბედნიერ კაცად ვიქეცი. დიდი ოჯახი მყავდა- დედა, მამა, მეუღლე და ქალიშვილი. არ დავიწყებ საუბარს თუ როგორ ძლიერ მიყვარდა ისინი. ჩემს ოჯახსაც შენს მსგავსად მოუხდა დიდი ტკივილის გადატანა. ერთ დღეს, სადილობისას, ჩემს ქალიშვილს, ბრეინს, ვეძახით, რომელიც სათამაშოდ ბაღში იყო გასული, თუმცა ვერსად ვიპოვეთ. შეშინებულებმა ირგვლივ ყველაფერი დავათვალიერეთ, მაგრამ ბრეი არსად იყო. ის დღე, პირველად ცხოვრებაში, მის გარეშე გავატარეთ, ყველა ვტიროდით,მთელი სოფელი ცდილობდა მის პოვნას, ასე გავიდა ერთი დღე, შემდეგ ერთი კვირა, ერთი თვე… თანდათანობით უფრო და უფრო გვეცლებოდა ძალა, იმდენად გამოგვეცალა, რომ ორი თვის შემდეგ დედაჩემი გარდაიცვალა დარდისაგან, ვერც მამის გულმა ვერ გაუძლო განსაცდელი და მალე ისიც გარდაიცვალა. მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე დავრჩით, მოუთმენლად ველოდებოდით შვილს, თუმცა ის არ ჩანდა. წარმოიდგინე სოფლის ძალიან დიდ სახლში მარტო ჩვენ ორნი, სულ გარეთ ვისხედით ხის ძირში და მთელი დღის განმავლობაში იქვე არსებული ჭიდან წყალს თუ დავლევდით, ვერაფერს ვჭამდით,რადგან გვეშინოდა ჩვენი შვილი მშიერი არ ყოფილიყო. ვფიქრობდით, მალე  ბრუნდებოდა. ბევრჯერ თითქოს მისი ხმაც კი ჩაგვესმოდა. მაგრამ როცა დავრწმუნდებოდით რომ არავინ იყო ჩემი მეუღლე ტირილით გულს იჯერებდა, ასეთ დროს მხოლოდ წყალს თუ შევთავაზებდი, ერთ დღესაც როცა ჭასთან მივედი წყლის ამოსაღებლად, საშინელება დავინახე,ჩვენი ექვსი წლის ბრეი ჭაში ჩავარდნილიყო. ჩემმა მეუღლემ ეს რომ დაინახა თავი მოიკლა. მისმა გულმა ვერ გაუძლო ჯერ შვილის სიკვდილი, შემდეგ ის რომ სწორედ იმ წყალს სვამდა სადაც მკვდარი ბრეინი ვიპოვეთ. ამ ყველაფრის შემდეგ როცა არავინ აღარ მყავდა, ჩემი სიცოცხლის მიზეზის პოვნა ყველაზე რთული აღმოჩნდა. შენ უკვე გესმის როგორ რთულია გამოემშვიდობო სამუდამოდ შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს. ახლა კი თვითონ განსაზღვრე ხარ თუ არა ყველაზე უბედური.
-ოჰ, როგორ ვწუხვარ. ასეთი უბედურება რატომ გვხვდა წილად?!
-იცი, ვფიქრობ, ეს უბედურება კი არა ბედისწერაა. ალბათ, გაინტერესებს მე რატომ გადავწყვიტე სიცოცხლე. ვფიქრობ, თავის სიკვდილი ეს უკვე ნიშნავს უფსკრულში წასვლას, იქ კი ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი ბრეინი არ დამხვდება, ჩემი ქალიშვილი ახლა სამოთხეშია, ის ანგელოზად იქცა.მეუღლემ ვერ გაუძლო ამქვეყნიურ ტკივილს, თუმცა ამით სამუდამოდ უარი თქვა ბრეინზე, მე კი არ მინდოდა ჩვენი პატარა ქალიშვილი მარტო დამეტოვებინა, მოვა დრო და მე მასთან მივალ. ვიცი მელოდება.
-რატომ თქვით საუბრის დასაწყისში რომ დღეს დიდი ტკივილის შემდეგ უფრო ბედნიერი ხართ?
-ეს კიდევ სხვა ისტორიაა. როცა მარტო დავრჩი, ვცდილობდი ჩემი არსებობის მიზეზის პოვნას. ერთ დღესაც ჩვენი სოფლის ხალხი შეკრებილიყო და განიხილავდნენ მწუხარებით რაღაც საკითხს. იქვე მყოფებს ჩავეკითხე და გავიგე რომ ორი პატარა ძმა, ბიმი  და ნეკი, სულ მარტონი დარჩნენ, რადგან იმ დილით დედა გარდაეცვალათ, რომელიც მარტო ზრდიდა ბავშვებს. ეს რომ გავიგე სოფლის უხუცეს ვუთხარი რომ მე შემეძლო მათი დახმარება და პატარები ჩემთან წამოვიყვანე. რომ არა ჩემი უბედურება, ალბათ, არც ვიფიქრებდი ამ პატარა ბავშვებზე, რომლებიც ან შიმშილით დაიხოცებოდნენ, ან მთელი ცხოვრება მხოლოდ გაჭირვებას თუ დაინახავდნენ. დიდ ტკივილს ვატარებდი და უკვე ვიცოდი რას ნიშნავდა მარტო ყოფნა.მალევე ერთ ოჯახად ვიქეცით, დღეს კი უბედნიერესი მამა და ბაბუა ვარ. იცი, მინდა, რომ შენც გამომყვე, აუცილებლად უნდა გაიცნო ჩემი დიდი ოჯახი, თან ვგონებ შენ არც აპირებდი სიკვდილს.
-რატომ ფიქრობ ასე?
-ადამიანი რომელიც სიკვდილს აპირებს არ ფიქრობს დასველდება თუ არა, შენ კი ფეხსაცმელები გაიხადე. ახლა კი დროა წავიდეთ და იქნებ შენი ელიც ვიპოვოთ, შესაძლებელია არც ისე შორს იყოს.
მოხუცი ადგა და წავიდა. მეც ხმაამოუღებლად უკან გავყევი. გულში კი მხოლოდ ერთ სიტყვებს ვიმეორებდი ეს უბედურება კი არა ბედისწერაა და მე ვიპოვი ელის.

 

facebook კომენტარები
Choose your Reaction!