90_იანი წლებია. სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი მეტად უცნაური წესები იყო დადგენილი მისი უსიმსხოესობა დირექტორ ნამოს მიერ. ასეთ უცნაურობებში შედიოდა : 1) აუცილებლად უნდა ყოფილიყავი შავთეთრ ფორმაში გამოწკეპილი. სავარაუდოდ ამ ნორმების მდგენი სხვა ფერებს ვერ ცნობდა, ან აბსოლუტური აუტანლობა ჰქონდა მათი. ( რაც სავალდებულო იყო ყველა მოსწავლისთვის, ისე ვერ შეხვიდოდი სკოლაში. ამიტომ ”ჩორნი ხოდების” გაჭრა სასიცოცხლოდ მნიშვლოვანი იყო ჩემნაირი სწავლა-მოწყურებულისათვის); 2) ციფრი 3 _ის აუტანლობა ნებისმიერ საგანში(რაც ნიშნავდა საშემოდგომო გამოცდის ჩაბარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლე სკოლიდან ირიცხებოდა.) და იწყება ჩემი ამბავი, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო : გიმნაზიელი ბიჭი ვარ, არ მაცვია ფორმა, ერთი რვეულით ვმოძრაობ, ზმანებზე შემჯდარი, ”მედისონები” მაცვია ფეხებზე მიმკვდარი. კლასში შესულს მესალმება ”ჯუნგლი ციცოს” როჟა: _Where are you my dear impolite boy? _oh, my dear teacher Jungle I’m very fine. ინგლისურს ცვლის ისტორიის მასწავლებლის პოზა : მყარი, ურცხვი, უსიამო, გარეგნობის გონჯა. ნაჭამ-ნათქვლებ გადამძღარი, მრგვალი პირისახით და ჩამდგარ-ჩაკურატებული ჯანმრთელი ცელულიტით, ბოცბოცა ფეხები და კოტიტა თითები, კი მეტ სიშმაგესა და სიმშვიდეს თანაბრად მატებდა. _ შენ ისევ ასე გაცვია? გამოსცრა გესლიანად და ეშმაკურად დამიქნია თავი. მერე, როგორც გაირკვა დირექტორთან ”ჩავარდნილა” ამბის მისატანად, რასაც მოჰყა ჩემი დაბარება. ხუთოსანი, გამოწკეპილი ”შკოლნიკი” ბიჭი გამომიგზავნეს. გელოდებიანო გადმომცა. გავყევი, ის წინ მიდიოდა სწრაფი ნაბიჯით და წარამარა უკან იხედებოდა, ალბათ ეგონა, (ლეგიტიმურად) რომ ფანჯრიდან გადავხტებოდი, რაც ხშირად მომხდარა შატალოზე წასვლისას, მაგრამ ახლა შატალოზე კი არა, ”დიდ ხალხთან” მქონდა დანიშნული აუდიენცია, რასაც ეს გამოწკეპილი ვერ აცნობიერებდა. ჩემთვის, ყველაზე საინტერესო იყო, იქ შეკრებილ საზოგადოებას თუ როგორ წარვუდგენდი ჩემს თავს, თორემ მესამე სართულიდანაც მქონდა ევაკუაციის გეგმა შემუშავებული. და აი შევედი დირექტორ ”ზაბლაბუცას” კაბინეტში (ზედმეტი სიყვარულით ვეძახდი ასე ნამოს ). ჩემდა გასაოცრად ყველა სახელმოხვეჭილი და სტაჟგადარტყმული პედაგოგი იქ დამხვდა. თურმე ჩემი ისტორიის მასწავლებელს განგებ შეუყრია ყველა იქ მყოფი, ჩემი პიროვნების გასაცნობად, ისე რომ ზოგიერთი მათგანი მიმდინარე გაკვეთილებიდანაც კი გამოუყვანია (რამხელა პატივია რომ დავფიქრდეთ). ზოგი პედაგოგი ჩემთვის კარგად ნაცნობი და პატივსაცემი იყო, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც დასანახად ვერ ვიტანდი და ისინიც სათანადო სიყვარულით გამოირჩეოდნენ ჩემს მიმართ. ჩემი ისტორიის მასწავლებელი, ამ თავშეყრის ორგანიზატორი, დირექტორის მარჯვნივ იდგა და ეუბნებოდა: _აი მობრძანდა ვაჟბატონი, შეხედეთ რა აცვია! (მე მერვე კლასელი ვარ და ჩემი ”სკოლაფორმასტაილი” ასეთი იყო: მედისონის ფირმის ტყავის სამნაკერიანი ბოტასები, თეთრი და ლურჯი ტყავით გაწყობილი, რომელიც ზედმეტ ყურადღებას იქცევდა_ ვაღიარებ. მოშავო-მონაცრისფრო ვილვეტის შარვალი, ჯანმრთელი შავის მაგივრად და მოკლემკლავიანი ლურჯი მაიკა სამ ღილზე, ნაცრიფერი საყელოთი. თავს კი ახლად შეჭრილი ”ნანეტი” მიმშვენებდა, მაშინ მარტო მასე ჭრიდნენ) ყველამ ერთბაშად შემომხედა, თითქოს რამე უწესრიგობა მჭირდეს… დირექტორს სახე აელეწა, როგორ ბედავ სკოლაში ასე სიარულს! ან ვინ შემოგიშვა? რას გავხარო…მუშტი მაგიდაზე დაატყლაპუნა და ბრაზისაგან ისე გაიბერა მეგონა გასკდებოდა. ჩემი სკოლის დირექტორი ნამო, რომ წარმოიდგინოთ დაახლოებით ასეთია: დიდი შავი ტყავის ბურთი, 5 კილო ბაჯაღლო ოქროთი მოპირკეთებული და არც მეტი, არც ნაკლები, თევზი ფუგუს გამომეტყველებით. ამასობაში ისტორიის მასწავლებელი მარი-ღონი აქტიურობს და დამსწრე საზოგადოებას აინტერესებს ჩემი რვეულის ნახვით, რომელიც უკვე ჩამოეტანა იმ ”შკოლნიკა” ბიჭს, მისი დავალებით და შემოტანის ბრძანებას ელოდებოდა. ეს რვეული იმით იყო გამორჩეული, რომ ყველა საგნის დავალებები იქ მეწრა, თან სულ წაღმა უკუღმა, ჩემთვის გასაგებად. და აი იხილეს რა საოცრება, ატყდა ერთი ხარხარი და ხორხოცი. რუსულის მასწავლებელს მგონი გულიც კი დასწყდა, რომ მის მიერ მოცემული დავალება, ვერ აღმოაჩინა ჩემს რვეულში. მე დავწინაურდი და კითხვა დავსვი_ კომლერია ? (კომლერი : ჩემს მიერ მოგონილი თამაში, რომელის არსიც იმაშია, რომ ერთი ადამიანი უპირისპირდება ბევრს: კითხვის დასმით_ კომლერია? და ელოდება მათ პასუხებს, რასაც შემდეგი გაგრძელება მოჰყვება.)ეს მათ ბუნებრივია არ იცოდნენ და უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა. მე თითქოს პორტალი გამეხსნა და პოეზიის სარტყელში გადავედი, თან მარი-ღონის სახეს ვლანდავ უცხო ტრანსფომაციებით და გამოთქმით გაუცნობიერებლად ვამბობ: უხორთუმოსა სპილოსა, ბევრი მოსვლია მაჭარი, დაუჭერიათ საწყალი, თავში ჩაურტყამთ ნაჯახი, საწყალი ჭყივის, ჭყვიტინებს , მიშველეთ ვინმემ ჩქარაო, ამ ისტორიის თხუნელამ, რვეულით გადამთხარაო. მოვტრიალდი და მშვიდად გამოვედი, ისე რომ აპლოდისმენტებს აღარ დაველოდე. გადმოვხტი პირველი სართულის ფანჯრიდან და წამოვედი. გეგონათ, რომ კიბეებს ჩამოვუყვებოდი სკოლის ეზოში მკითხველო ? Arrivederci!
facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!