უკვე იმდენი დღე და იმდენი საათია რაც არ მინახავხარ, რომ მოგონებებს გონებაში ვეღარ ვაკავებ და აყეფებული ძაღლივით გამორბიან გარეთ და თითქოს ახლიდან ვხედავ ყველაფერს, თავიდან შევიგრძნობ იმ გრილ ჰაერს ჩემს სახეზე, რომ ცეკვავდა ერთ დროს. წარსული ყოველთვის მახსენებდა და მახსენებს თავს, მაგრამ ახლა ყველაფერს უფრო მძაფრად აღვიქვამ მგონია, რომ უსასრულო გზა მიდევს წინ და მხოლოდ წარსულის მოგონებები მაქვს საგზლად… გავრბივარ… წინ მხოლოდ გვირაბი ჩანს, ჩაბნელებული შესასვლელით და შიგნით ბევრი უწესრიგო ადგილით. მიყრილ-მოყრილი ნივთებით რომელთაც მტვრის სქელი ფენა ადევს თავზე, ობობის ქსელებით, რომელიც ყოველ კუთხე-კუნჭულში მხვდება და ხელს მიშლის, რომ გზა სუფთა სამოსლით გავაგრძელო. როგორი უსუფთაოა გარშემო ყველაფერი… ჩემი წარსულიდან დაწყებული აწმყოსა და მომავლის ჩათვლით. მეგონა, რომ წარსული ვერ ჩამყლაპავდა, ვერ შემომხვევდა თავის გრძელ, ბინძურ ხელებს, მეგონა, რომ ვერასოდეს ჩამაცმევდა ხელებშეწმენდილ სამოსელს, თავიდან რომ თეთრი იყო ახლა კი ნაგვის ფერი ადევს. წარსულიდან მხოლოდ რამდენიმე მოგონება დამრჩა და იმ მოგონებებიდან მხოლოდ ერთია კარგი. როცა წარსულზე მეკითხებიან იმ ისტორიას ვუყვები, შენ რომ ჩემზე კარგად გახსოვდა ყოველთვის, მაგრამ ვიდრე ერთად ვიყავით მე მაყოლებდი ყველასთან. ახლაც გავიხსენებ და მოვყვები, მე და შენ მანქანით მივუყვებოდით უსასრულო გზას… ოქტომბერი იწურებოდა. შოპენის გაზაფხულის ვალსს ვუსმენდით. კლასიკა ყოველთვის გიყვარდა, იმდენადაც კი რომ მეც მთელი გულით შემაყვარე, მაშინ იმაზე ვლაპარაკობდით, საიდან ჩანდა ყველაზე მეტად შემოდგომის სიმარტოვე. შენ მაშინ მითხარი:,,შემოდგომის სიმარტოვე, იმ მზიან, მაგრამ მაინც შემცივნულ დღეებში იხედება სექტემბერს, რომ ახასიათებს. ღრუბლიან, მაგრამ თბილი წვიმით დაწყებულ და დამთავრებულ ოქტომბერში. ნეკერჩხლისფერი ფოთლებით სახეაწითლებულ, სევდიან ნოემბერში იხედება,რომელიც შემოდგომის სიმარტოვესა და სევდას საუკეთესოდ გვაჩვენებს”. ნოემბერი შენი თვე იყო და ისევ შენი საყვარელი თვეა. ნოემბერის თვეში დაიბადე და ამიტომაც შემოდგომა და ნოემბერი განსაკუთრებით გიყვარდა. იმ დღეს შენზე მეტადაც კი შემიყვარდა შემოდგომა და მერე ნოემბერი. შემიყვარდა ფოთლები, ნეკერჩხლის ხიდან, რომ ცვიოდა იმ დღეს, იმ ხის ქვეშ ჩვენ ვიჯექით გვერდიგვერდ და ჩვენივე ფიქრებს ველაპარაკებოდით. ეს ჩემი ბნელი წარსულის ყველაზე ნათელია დღეა. ძალიან იშვიათად მაყოლებენ ამ დღის ისტორიას და შენს სიტყვებს, მაგრამ ხშირად მაყოლებენ იმას თუ როგორ ჩაალაგე შენს მოზრდილ ჩანთაში ნივთები და ცარიელი თვალებით როგორ წახვედი, მაყოლებენ ყველა ტკივილს, რომელიც ჯერ კიდე არავისთის მითქვამს და ჩემს გონებაში მაქვს დამარხული. არ მინდა, რომ ცუდმა მოგონებებმა სამუდამოდ დამავიწყოს შენი თავი, ისეთი როგორიც თავიდან იყავი და როგორიც აღარასოდეს ყოფილხარ იმ პირველი დღეების შემდეგ.
უსასრულო გზას მივყვები, მოგონებები გონებაში მაქვს დამარხული, მაგრამ როცა მარტო ვარ და ვიხსენებ, ცოცხლდებიან და აყეფებული ძაღლივით გარეთ გამორბიან, ყველაფერს თავიდან ვხედავ და თავიდან ვგრძნობ ჰაერს რომელიც ”ჩვენს” მანქანაში იყო. მაშინდელივით ჩამესმის უკვე მივიწყებული შოპენის შემოდგომის ვალსი და იმ დღევანდელივით ვგრძნობ სახეზე ოქტომბრის გრილ ჰაერს.
