ზოგჯერ როგორი მყრალი და გულის ამრევი სუნი ასდის ქუჩას, რომელიც მოგონებებს ინახავს და უამრავი რამ იცის შენს შესახებ. იცის როდის გტკივა და როდის გინდა უბრალოდ ჩუმად ყოფნა.
ყოველთვის ვაფასებდი მოგონებებს მიუხედავად იმასა, რომ ძალინ მეშინია მათი. უამრავ მოგონებას ვინახავ ხოლმე, მერე კადრებივით ვახვევ და ვიხსენებ. რა მეშველებოდა მათ გარეშე, როგორი ცარიელი და გამოფიტული ვიქნებოდი.
მყარად მივიკარი ტანზე ჩემი მოგონებები, პატარა ჩანთა ავიღე სურათებით გატენილი და წამოვედი.
მივდივარ მაგრამ არ ვიცი სად, მივყვები ბილიკს და გზადაგზა მოგონებებს ვახვევ კადრებივით. თვალები ცრემლებით გამევსო, ისე მაგრად ჩავახუტე ქუთუთოები ერთმანეთს რომ მეტკინა, იმედი მქონდა ცრემლებს არ მისცემდნენ გარეთ გამოსვლის საშუალებას მაგრამ, როგორ შევცდი ვერაფერი უშველს, მარილიანმა სითხემ თვალებიდან სახეზე გადმოინაცვლა და ყელისკენ გაიკვალა გზა.
ძალიან დავიღალე, იმდენი ვიარე რომ რაც მოგონებები მქონდა შეგროვილი ყველას ვუყურე, ყველა გავიხსენე.
მალე გათენდება, მთვარე მიიმალება და კაშკაშა მზე შემოგვეგებება, “დილა მშვიდობისა”-ო დაგვიძახებს მაგრამ არავინ გავაგონებთ, ისევე როგორც მთვარეს არ ვპასუხობთ “საღამო მშვიდობისა”-ზე…
ზოგჯერ როგორი საზიზღრები ვართ ადამიანები. საკუთარი თავის გარდა არაფერზე ვფიქრობთ.
ბებერი მუხის ძირში მოვკალათდი და გათენებას დაველოდე, სანამ გათენდებოდა მკრთალად მანათობელი ფანრის შუქზე დაწყებული წიგნის კითხვა დავასრულე. მომეწონა, ზოგადად ყველა წიგნი მომწონს, მაგრამ ზოგი განსაკუთრებულ ემოციებს მიტოვებს, ეს წიგნიც ერთ-ერთი მათგანია. წიგნის სახელს ვერ გეტყვით, ეს ჩემი უცნაური ჩვევაა.
სანამ წამოვიდოდი საწერ მაგიდაზე წერილები დავტოვე, იმედია ადრესატამდე მივა, გული დამწყდება ისევ ადგილზე რომ დარჩეს, რადგან ზოგიერთი მათგანი წელიწადზე მეტია მანდ დევს.
გემუდარებით, გაუგზავნეთ ადრესატს.
გათენებას იწყებს, მზემ სხივები გამოანათა ძალიან ლამაზია. აქამდეც უამრავჯერ მინახავ ჩემი ოთახის ფანჯრიდან მზის გაღვიძება თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქედან სულ სხვანაირია.
ბოდიში, მაპატიეთ, ძალიან ვწუხვარ, არ მინდოდა, ჩემდაუნებურად მოხდა, დამნაშავე ვარ. ყველა საპატიებელ სიტყვას გიძღვნით და მაპატიეთ ჩემი მოულოდნელი და უთქმელი წასვლა.
სიტყვის უთქმელად დაგტოვეთ, თუმცა არ მიყვარს დამშვიდობება (ვცრუობ), გამიჭირდა ასე უბრალოდ წასვლა მაგრამ იქნებ უკეთესიცაა.
როცა ძალიან მომენატრება რომელიმე თქვენგანი, მოგონებებს გადავახვევ, სურათებს ვნახავ და გულს ვიჯერებ ტირილისგან.
როცა ძალიან მოგენატრებით რომელიმე თქვენგანს, ჩემთან მოდით სახლში, ჩემი ოთახის რომელიმე კუთხეში უთუოდ აღმომაჩენთ.
დაღლილი გავცქერი გზას და მეღიმება, როცა აღარსად ისმის მანქანების ხმა, ადამიანების გაუთავებელი ლაპარაკი. აქ დილაობით ჩიტების ჭიკჭიკის მაღვიძებს,
საოცარი სანახავია დიდი გაშლილი მდელო მინდვრის ყვავილებით მორთული, შუაგულში პატარა ქოხი დგას, ჩემი მოგონებების ქოხი. ბედნიერი ვარ, აქ ნამდვილად ვიპოვე ბედნიერება.
მე ისევ დავბრუნდები💙💫
