fbpx

გამოღვიძება

0

გამომაღვიძე…

საუკუნოვანი ღრმა ძილიდან გამომაღვიძე. ზუსტად მაშინ, როცა მეგონა, რომ არასოდეს აღარ დადგებოდა გაზაფხული, რომ სულ ცივ აკლდამაში უნდა გამოვკეტილიყავი, ყინულის საბანი მფარებოდა და სასთუმლად ცივი ლოდი მქონოდა. შენ გამომაღვიძე ისე, რომ არც კი შემხებიხარ, არც არაფერი გითქვამს, უბრალოდ მაგრძნობინე, რომ ჩემს გვერდით შეიძლებოდა გეარსება, თუნდაც მილიონი მილის დაშორებით, თუნდაც პარალელურ სამყაროში, მაგრამ მაინც ჩემს გვერდით. ვიგრძენი შენი სურნელი და სულ ერთი წამი დამჭირდა გასაღვიძებლად. ახლა ავდგები, ამ შავ სამოსს გავიხდი, ცოტა გაცვდა და გახუნდა, იმიტომ, რომ გაუხდელად მეცვა ამდენი წლის მანძილზე. მომბეზრდა, ვეღარ ამიტანია, მაგრამ აბა ვინ გლოვობს მხიარული ფერის ტანისამოსით?!  ავდგები და კარადიდან გამოვიღებ წუხილებს, ტკივილებს, წყენას, დარდებს და ათას ნაცრისფერ გრძნობას. ჩავალაგებ ძველ, უსარგებლო სკივრში და ყველაზე ჩქარ, აღელვებულ მდინარეში გადავაგდებ, რომ ნაპირზე გამორიყვა ვერ შეძლოს და ჩემთან აღარასოდეს აღარ მოიტანოს. ახლა ძველ ბოღჩას თავს მოვხსნი და იმ ერთადერთ გაზაფხულისფერ კაბას ჩავიცვამ რომელიც გადანახული მქონდა “არასოდესთვის”. თმიდან ტკივილებს ჩამოვივარცხნი და კოხტად შევიკრავ. მოვირთვები და დაგელოდები, იმ ადგილას, სადაც შენ უნდა იგრძნო ჩემი არსებობა. და როცა ჩემი ხელი შენი ხელის სისხლძარღვებში აჩქეფებულ თბილ სისხლს იგრძნობს, მაშინ მივხვდები, რომ ზამთარი მიილია და აღარასოდეს აღარ შემცივდება…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!