fbpx

მზეწილი

0

    მზეწილი

      საოცარია.. თურმე გალაქტიკაში უმისამართოდ გაფანტულ პაწაწინა სხივს კიდევ ერთი სიცოცხლის შექმნა შეუძლია, და მაინც მან, მზემ ყოვლის შემქმნელმა გადაწყვიტა უმიზნოდ შეერიოს გალაქტიკათაშორის მტვერს. მაშინ რატომ გაგიკვირდეს, თუ შენ ერთს არაფერი შეგიქმნია, შენი ძალაცა და ნებაც ბუნებრივად გაეთქვიფა ასფალტზე მრვალად მიმოცუნცულეთა ფეხსაცმლის მტვერს. 

      თუმცა შენ ავტორო, საკუთარი განსაკუთრებულობით აღფრთოვანებულმა, გავრცელებულ რწმენის საწინააღმდეგოდ არც ხე დარგე, ვერც სახლი ააშენე და რა საკვირველია, არც შვილი აღუზარდე მომავალს. სანაცვლოდ, მწერლობა დაიბრალე. ტრაგიკულად არაკომპეტენტურმა ხატვაში, ერთ დღესაც ხელთ კალამი მოიმარჯვე და მე შემქმენი. ასე დაიწყო ჩემი ამბავიც. ძაღლუკას თვალები, თავი რომელიც საუკუნეების წინ მოჭრილ აწ უკვე ჟანგისგან შეჭმულ მონეტას უფრო მოაგონებს ძვირფას მკითხველს ვიდრე ტვინის შემნახველს, უცნაური თითები და უგემოვნო სამოსი. აი სწორედ ასეთი გამოსახულება მიმზერს სარკიდან. წარმოგიიდგენიათ?.. მწერლის სტატუსით მოხიბლულს ცხვირის მიხატვაც დაავიწყდა. მისი გულმავიწყობის გამო ჩემს მშობლებს არაერთხელ დასჭირდათ ჩემი ნუგეშისცემა, დაუზარლად მიმტკიცებდნენ არა უშავსო. მართლაც, არაა აქვს დიდი მნიშვნელობა, ჩვენთან ხომ ყველა ასეთია, პროპორციის ნორმებს საოცრად განშორებული. პინოქიოც, მუდმივად მზარდი ცხვირით და ლორდი ვოლდემორი, ჩემს მსგავსად შეჭირვებული. მიუხედავად ყველაფრისა მსგავს ანომალიებს არავინ აქცევს ყურადღებას ჩვენს სამყაროში, გამოგონილ პერსონაჟთა ქვეყანაში. ვინც არ იცით, ეს ის ადგილია სადაც ბოროტმოქმედიცა და მასთან მებრძოლი პრინციც ერთად მშვიდად ცხოვრობს, ბედნიერი დასასრულის შემდეგ. რეალურთა ენაზე, ეს რაღაც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მსგავსია, რომელიც არათუ უკანასკნელ ამოსუნთქვას, არამედ ავტორის უკანასკნელ სასვენ ნიშანს მოყვება. 

       მოკლედ ჩვენთან არაფერია უცნაური, არავინ მოგაშტერდება გაკვირვებით, შეცოდებით ან კიდევ ზიზღნარევი მზერით, თუ ცხვირის არქონით ან უბრალოდ მისი მარადმზარდობით იტანჯები.

      როგორც ამაყ სრულფასოვან პერსონაჟს ყოველთვის მაბრაზებდა, რატომ არავინ მკითხა მინდოდა თუ არა მეცხოვრა ავტორის დაწერილი გეგმით. ამიტომ, გადავწყვიტე სამყარო შემეცვალა, გარემოს სურნელის შეგრძნების უნარის მოთხოვნით. როგორ..? გარდაუვლად წარმატებული გეგმით, მე პერსონაჟი ყველაფერს შევცვლი.  მწერლის სამყაროში პოპულარული ფრაზას თუ დავუჯერებთ ‘’როცა ცხოვრება ლიმონს გაძლევს, ლიმონათი უნდა გააკეთო’’ და ასე თქვენი რჩევით, ავტორო, ბედსაც უნდა შევგუებოდი ამესრულებინა ჩემი მისია,და დავმტკბარიყავი უცნაურობებით სავსე მშობლიური სამყაროს ჩვეულებრივობით. მიუხედავად, ჩემი შემოქმედის მკაფიოდ დაწერილი სიტყვებისა, ლიმონი ვერ შევიყვარე. მისმა ეფექტურობამ გაციების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ვერ დამავიწყა მისი საოცრად მჟავე სიყვითლე. სწორედ ამიტომ, მწერლის მიერ დაუნანებლად ბოძებული ლიმნები მართლაც ავიღე გამოვწურე და მისგან ლიმონათი კი არა ისეთი მკვეთრი მელანი დავამზადე ასოების სიკაშკაშე გამოგონილობის საზღვრებს რომ გასცდა და თქვენს, რეალურთა სამყაროში, ჩემი ავტორის თვალთახედვას მისწვდა. 

        მანაც, ჩემს ნაწერთა სიცხადით დარცხენილმა, წიგნის ყველა ეგზემპლარი მოიძია და თითოეულს საკუთარი ხელით მიაწერა ჰეროდოტეს თქმული დაე ‘’მოგვიტევონ ღმერთებმა და გმირებმა რომ ჩვენ მათზე ამდენი რამე ვთქვით’’. საბოლოოდ მე მას ვაპატიე. 

        ვაღიარებ, ვიცოდი მწელის პატარა ნაწილი ჩვენ პერსონაჟები ყველანი ვიყავით, ჩვენი შექმნისთვის თავად დაიშალა და ჩვენში ჩაიკარგა, ალბათ აღარც არაფერი დაიტოვა თავისთვის. ვინ იცის იქნებ, ჩვენთვის დაცარიელებული, ჩემმა შეუბრალებელმა ჯანყმა კიდევ უფრო დაასუსტა და ამიტომ გაქრა… ამას ახლა ვხდები, მაშინ კი მე პერსონაჟმა, მცირედ ხარისხოვანმა, გადავწყვიტე რომ ორივე სამყაროს მკვიდრთ ვუჩვენო როგორ განუდგა სამყაროსეულ კანონზომიერაბას, პატარა ძაღლუკას თვალებით მოცქირალი ბიჭი და ავტორის ნება ორი სიტყვითა და ძლევამოსილი ძახილის ნიშნით შეცვალა ‘’მძულს ლიმონი!’’… ო, როგორი სიამაყით დავაბიჯებდი შემდგომ, მე ხომ ავტორმა ბოდიში მომიხადა, თანაც ვის, პერსონაჟს იმდენად უმნიშვნელოს თავის დროზე სახელიც რომ არ უწოდა.. ბოდიში მომიხადა… მაშინ უბრალოდ მიხაროდა და ახლა ვხვდები მიზეზს, ‘’ის’’ ხომ მეც ვიყავი -ავტორი, უფრო სწორად კი, თუმცა მცირე მაგრამ მაინც მისი ნაწილი. 

        ამჯერად, არა ჯანყმა არამედ გამოცდილებამ ამაღებინა კალამი. თავდაპირველად მწყინდა, მესირცხვებოდა ჩემი უმნიშვნელობის, მე ხომ უბრალოდ ბიჭი ვიყავი, რომელსაც მრავალტომიან წიგნში მხოლოდ ორი აბზაცი დაუთმეს. უსახელო, სასაცილო ბიჭი, რომელიც უზარმაზარ სამყაროში პაწაწინა ჯიხურში ზის და მოთმინებით ელოდება  რამდენიმე წამის მოსვლას, როცა იმ ბოროტებასთან მებრძოლ მთავარ გმირს ლიმონათით გაუმასპინძლდება, სამყაროს დანადგურებით რომ ემუქრება. ბედის ირონიით კი თავად ლიმონი სძულს.. 

         ახლა მეორედ, კალამი მოვიმარჯვე, რადგან გამახსენდა წარსულში რომ ვიცოდი და მერე დამავიწყდა. ვინაიდან, არ მასვენებს მზის ის ხივი მე რომ შემქმნა და სამყაროში უმიზნოდ არ გაიფანტა. საძულველი ლიმნის სიყვითლე კი თეთრი ფურცლის მარცხენა ზედა კუთხეში დახატულ მზეწილს მაგონებს…. ამ უცნაურ ასოციაციას მოსდევს მტანჯველი კითხვები.. იქნებ სჯობდეს კიდეც ვერიდოთ დიად მიზანთა გადახართულ ქსელებს და მარტივობით, მცირედმაშტაბობით შევქმნათ კიდეც ის, დროსა და სივრცეში ფეხს რომ აიდგამს და მერე თვითონ ივლის… 

        მართლაც უცნაურია არა, რატომ არასდროს დაუხატავთ მთელი მზე, კოსმოსში გაფანტულ სხივებითურთ?… ალბათ მნიშვნელობა არ აქვს უმიზეზოდ გაუჩინარებულს და მხოლოდ სიცოცხლის მომიჭებლობა აკუთვნებს მზის სხივს, უსასრულოდ ფერად დისკოს – ნათელთან ასოცირების პრივილეგიას.. უცნაურია.. ეს მაშინ ვიცოდი, ბავშვობაში, როცა ეს ჩემი ‘’ევრიკა’’ მაცივრის კარზე სახალხოდ გამოფინეს.. მერე იმ ფურცლის გახუნებას მოჰყვა დავიწყება, თურმე ასე სჩვევია ბუნებრივ ცოდნას -გავიწყდება! ახლა კი გზის დასასრულს თავი შემახსენა ცოდნამ და არავინ მისმენს!. შედეგად მეორედ ვიღებ კალამს ხელში, საძულველი ლიმნისგან დამზადებული მკვეთრი მელნით, თუმცა ამჯერად არა ბრძენკაცობის ამბიციით არამედ ბერიკაცის ჭაღარა ცოდნით. მაგრამ ავტორი დიდი ხანია აღარაა, შესაბამისად აღარავინაა ჩემი მართალი სიტყვის წამკითხველიც…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!