რას წარმოადგენს, თითოეული ჩვენთაგანისათვის ცხოვრების აზრი? მარადიულად რიტორიკული კითხვა, რომელზეც პირდაპირი და სწორხაზოვანი პასუხი არავის აქვს.
მოდით ახლა დავფიქრდეთ და გავიაზროთ თუ რას ნიშნავს ეს ფრაზა თითოეული ჩვენგანისათვის? ან როგორ აღიქმება მისი მნიშვნელობა?
როდესაც, ადამიანი იბადება ამბობენ, რომ მას “შუბლზე აწერია” მისი განსავლელი ცხოვრების გზა და ბედი. მაშ, ამ შემთხვევაში ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან? თუ, ყოველი წუთი და მომენტი გაწერილია “ზემოდან”, რაღა ყოფილა მაშინ ჩვენი ცხოვრების აზრი? რაღა აზრი ექნებოდა, ყოველ საღამოს, ძილის წინ მომავალზე ფიქრს თუ ისედაც განსაზღვრულია თუ, როგორ წარიმართება მომავალი დღე, კვირა, თვე ან თუნდაც მთელი სიცოცხლე. უცნაურად არ მოგჩვენებიათ, რომ იქ “ზევით”, ვინც განაგებს მთელ სამყაროს, მან, ვინც შექმნა ასეთი გამაოგნებელი გარემო, ბუნება, ფერწერული პეიზაჟები, იქნებოდა ასეთი ბანალური და ერთფეროვანი? ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ როგორ ფიქრობთ, “მისი” შვილების ასეთი ერთფეროვნების ყურება, “მისთვის” მოსაბეზრებელი არ იქნებოდა?
თუ, “მან” მოგვცა აზროვნებისა და სიტუაციის ლოგიკურად შეფასების უნარი, რა მიზნით გააკეთებდა იგი ამას, თუ მაინც სცენარის მიხედვით უნდა ეცხოვრა ყველა ცოცხალ არსებას, უფრო კონკრეტულად კი ადამიანს, რადგან აზროვნების უნარი მთელს დედამიწაზე მხოლოდ. ადამიანს აქვს და არა რომელიმე სხვა ცოცხალ ორგანიზმს.
ლოგიკის ყველა კანონის დაცვით თუ ვიმსჯელებთ, თუ “მან” ეს გვიბოძა, რა თქმა უნდა იმის შესაძლებლობასაც გვაძლევს, რომ თავად განვსაზღვროდ თუ, რომელი გზით ვიაროთ. ცხოვრების ყველა ეტაპებზე კი, მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე გავიკვალოთ გზა მომდევნო პუნქტამდე. სადაც, შემდგომი გადამწყვეტი მომენტი გველოდება. ვფიქრობ, სწორად გადმოგეცით, კავშირი ჩვენს აზროვნებასა და არჩეული მიმართულებების შესახებ.
ახლა კი, რაც შეეხება ცხოვრების აზრს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს რეალობისა და გარემოს საღად აღქმის უნარი. ასევე ამასთან ერთად, თითოეულ ადამიანს გააჩნია პირადი მიზნები, სურვილები და ოცნებები, რისკენაც ქვეცნობიერად იღწვის ყველა ჩვენთაგანი, სხვადასხვა გზითა თუ ხერხით. აი ამ მიზნების, სურვილებისა და ოცნებების ერთობლიობას, წარმოადგენს კონკრეტული ადამიანის ცხოვრების აზრი. განსაზღვრება იმისა, რომ ეს ტერმინი ცალკე მდგომი თეორიაა, მცდარია. ზუსტად ამ კომპონენტებისაგან ყალიბდება იგი და თითოეული პიროვნებაც მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ცდილობს, რომ მიყვეს ამ “გეგმას”.
თუმცა, მაშინ, როდესაც ბავშვობის ლაღი წლების შემდგომ, ცხოვრების უღელს უერთდებიან ადამიანები. საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს იმ ზღვრის გავლება, თუ სად იწყება რეალური მიზნები და მთავრდება ოცნების სამყარო. თუ, ერთნი ამას მარტივად აკეთებენ, მეორენი დიდი ძალისხმევის შედეგად ებმებიან ცხოვრების ფერხულში, ზოგი კი საერთოდ ვერ უწყობს ფეხს ამ ფერხულს და მუდმივად გვერდზე მიმავალი აჩრდილივით მიჰყვება მას – უმიზნოდ.
ამ ადამიანთა განსაზღვრება, შეგვიძლია კატეგორიებად დავყოთ. სადაც პირველ კატეგორიაში, გაერთიანდებიან ის ადამიანები, რომელთათვისაც მარტივია ცხოვრებისეულ უღელში ჩაბმა. ყოველი მომდევნო ნაბიჯი კი, პირადი მიზნისაკენ თუ გადალახული წინაღობის შემდგომ – გამარჯვებაა, რაც ბედნიერებაა მათთვის. რაც შეეხება, მეორე კატეგორიას, რომელიც უფრო ძნელად უერთდება ამ რიგებს. მათთვის, ყოველი მომდევნო ნაბიჯი თუ წინაღობის გადალახვა უფრო მეტი, ბედნიერების მომტანია. რადგან, რაც მეტ ძალისხმევას დებ ამა თუ იმ საქმეში წარმატებაც მეტად ფასობს შინაგანად. (თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა წარმატებას, რაღაც დოზით მოსდევს წარუმატებლობაც, რადგან მის გარეშე წარმატებასაც ფასი ეკარგება).
ადამიანების ბოლო კატეგორია, კი ასოცირდება ისეთ მდგომარეობასთან, რასაც ე.წ უფსკრულის კიდესთან აღმოჩენის შეგრძნება ეწოდება. როდესაც მეორე მხარეს გახედვისას, ნელნელა არჩევ ბუნდოვან, წვრილი ბეწვის ხიდს, რომელზეც უნდა გაიარო. ვინაიდან ამ ადამიანებს არ ამოძრავებთ არანაირი მიზანი, ოცნება და ამ სამყაროში, მიყვებიან მხოლოდ დინებას. მათთვის კონკრეტული ხიდი, შიშის მომგვრელიცა და ამავდროულად სულ ერთიც, რადგან ადამიანი რომელიც არაფერს ესწრაფვის, რა მოხდება შემდეგ, დიდად არ არის დაინტერესებული.
ადამიანთა მოდგმისათვის, ცხოვრების ერთადერთი მიზანიცა და დანიშნულებაც არის – ბედნიერება.
არისტოტელე
თუმცა, ამ ხიდზე გადასვლისას უნდა გახსოვდეთ ერთადერთი მთავარი რამ! ყველა სიმძიმე, რაც კი თქვენს სულს აწვება, უნდა დატოვოთ გზის დასაწყისში ან დროულად ჩამოიხსნათ ხიდზე გასვლისას, რადგან მას შეუძლია დაგაკარგვინოთ წონასწორობა და აღმოჩნდეთ უფსკრულის უკიდეგანო ხახაში, საიდანაც უკან ამოძრომა თითქმის შეუძლებლად მოგეჩვენებათ.
ყველაფერი შესაძელებელია, შეუძლებელს უბრალოდ სჭირდება მეტი დრო!!!
საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ ადამიანს წონასწორობის შენარჩუნების ძალასა და მოტივაციას აძლევს შინაგანი ბედნიერების შეგრძნება. რასაც იწვევს. ნაკლები ნეგატიური ემოცია და ყოველი გადალახული წინაღობის შემდგომი წარმატება. რომელნიც, გვაახლოვებს ჩვენს მიზნებთან. უმჯობესია, ადამიანი ცდილობდეს შეინახოს მეტი პოზიტივი, რათა, თავადაც კარგად იგრძნოს თავი და ასევე გაუნაწილოს ეს სხივი სხვებს.
დამეთანხმებით ალბათ, რომ გაფუჭებული საქმის გამოსწორება, უფრო ძნელია, ვიდრე წინასწარ აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილების გასიგრძეგანება. ამიტომ. ყველა მოვლენა, ასე თუ ისე, უნდა მივიღოთ როგორც, ცხოვრებისეული გაკვეთილი, გამოვიტანოთ აზრი და განვაგრძოთ ჩვენი ბეწვის ხიდი. რადგან, როდესაც იგი დასრულდება. უკან მობრუნების საშუალება აღარ გვექნება, რათა გამოვასწოროთ ესა თუ ის მომენტი და უბრალოდ გული დაგვწყდება, ყველა იმ სურვილსა თუ ოცნებაზე, რომელიც ვერ განვახორციელეთ. არა იმიტომ რომ ეს შეუძლებლად მიგვაჩნდა. არამედ, იმიტომ, რომ ზედმეტმა ნეგატიურმა ემოციამ წარმოქმნა შიში მისი შეუძლებლობოსადმი და დაგვახევინა უკან….
მეტი პოზიტივი არის – ბედნიერების საწინდარი, ამიტომ ნუ მოიკლებთ ამ უკანასკნელს, ცხოვრება ხომ ისედაც ასე ხანმოკლეა!!!