სათაურიდან გამომდინარე ალბათ ხვდებით, რა საკითხთან დაკავშირებით გვექნება საუბარი, არც ისე მარტივია ამ თემის გარჩევა. თუმცა, ჩვენი რეალობისათვის საკმაოდ აქტუალური და მტკივნეულიც კი. თუ, ყურადღებით დავაკვირდებით ამ თემაში შემავალ საკითხებს, უფრო მკვეთრად გამოჩნდება თემის მთავარი არსი.
მოდით, მივყვეთ ძირითად საკითხებს და გამოვყოთ ადამიანების სამი ძირითადი ჯგუფი:
· ისინი, ვინც გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვამს ამა თუ იმ მოსაზრებას, (რადგან, ამის გამოცდილებაც აქვს და თვითგანვითარების შესაბამისი დონეც) რადგან, ფლობენ გარკვეულ ძალაუფლებას. და ასევე ახდენენ ზეწოლას სხვა დანარჩენ ჯგუფებზე.
· ისინი, ვინც მიერ გადმოცემულ მოსაზრებებს ისისხლხორცებენ, როგორც საკუთარს, შემდგომში კი ახდენენ მათ გადმოცემას ისე, თითქოს სულაც მათ მიერ იქნა, გააზრებული და ჩამოყალიბებული. ( ქვევრის ეფექტის მსგავსად)
· ისინი, ვინც მიუხედავად ცხოვრებისეული პერიპეტიებისა და ტემპისა, მაინც, ახერხებენ შეინარჩუნონ ადამიანობის ის მარცვალი, რაც, ასე მნიშვნელოვანი და იშვიათია დღევანდელობაში.
დამეთანხმებით ალბათ, სხვისი გააზრებულის “მითვისება” უფრო მარტივია ხშირ შემთხვევაში, ვიდრე თავად მისვლა ამა თუ იმ მოსაზრებამდე. ჩვენს საუკუნეში, სადაც ყველა სადღაც მიიჩქარის, რადგან “დრო ფულია”, ადამიანების უმეტესობას, იმდენად ბევრი საყოფაცხოვრებო თუ ყოველდღიური “პრობლემა” ახვევია თავს, რომ მაღალფარდოვან საკითხებზე საზრუნავად ცოტას თუ სცალია.
საზოგადოება იმდენად უხეში და პირდაპირი გახდა, (რასაც, დროის უქონლობას აწერენ თუმცა, სად ან რატომ ეჩქარებათ, აშკარად არავინ იცის) რომ ცოტაა ისეთი ვისაც სხვისი გრძნობები აღელვებს. სამწუხაროდ, თვითდამკვიდრება ნებისმიერი ხერხით, უფრო მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში, ვიდრე თანაგრძნობა.
ახლა კი, მივუახლოვდით მთავარ საკითხს. “საზოგადოებრივი აზრი”-ს მნიშვნელობა ჩვენს რეალობაში. როგორც, ზემოთ აღვნიშნეთ, ძირითადად, არსებობს სამი ტიპის ადამიანი, შესაბამისად, ურთიერთშეთანხმება ამ ჯგუფებს შორის საკმაოდ რთულად მიღწევადი პროცესია. ასაკობრივი ბარიერისა ან განვითარების დონის ნაკლებობის გამო.
ყველაზე მეტად კი, მესამე ჯგუფის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანებს ექმნებათ შეგრძნება იმისა, რომ მთელი სამყარო მათ წინააღმდეგ არის. თუ, შინაგანად იმდენად ძლიერი არ აღმოჩნდება ადამიანი, რომ შეებრძოლოს ყველა არსებასა ან საგანს საკუთარი ბედნიერებისათვის, მაშინ შთანთქავს ეს გრძნობა ისე, რომ ამოსუნთქვის საშუალებასაც არ მისცემს.
ამ შემთხვევაში, მხოლოდ ორი გზა არსებობს, ან მიყვეს ამ მდინარეს და რა მხარესაც გადაისვრის იქ იცუროს შესაშური მორჩილებით, ან არჩიოს ცურვა იმ მხარეში, სადაც თავს გრძნობს კარგად. ცალკეულ მომენტებში დინების საწინააღმდეგოდაც კი, მიუხედავად იმისა ცურვა საერთოდ იცის თუ არა.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად “კარგია” ადამიანი, საზოგადოება, მისი განსჯის საგანს ყოველთვის იპოვის საკუთარი განწყობისა და საჭიროებებიდან გამომდინარე.
თუ, ვერ შეძლებს ამ ყველაფერს. მთელი ცხოვრება უნდა მიჰყვეს ამ დინებას და რაღაც მომენტში მიხვდება, რომ სამარცხვინო უსუსურობა გამოიჩინა. იმის მაგივრად, რომ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი, განმკარგავი გამხდარიყო, უსუსურ არსებად იქცა, რომელსაც არც საკუთარი აზრი გააჩნია (ან თუ გააჩნია, ძალიან ღრმად აქვს ჩამარხული გულ-ღვიძლში, რომ ღმერთმა არ ქნას ვინმემ გაიგოს) და ცხოვრობს ისე როგორც “საზოგადოებას” მიაჩნია სწორად. მიუხედავად იმისა, რომ მესამე ჯგუფის წარმომადგენლები აზრობრივად და შინაგანად ემიჯნებიან პირველ ორს, სამწუხაროდ, მაინც ახდენენ მათზე ზეწოლას.
“საზოგადოებას” – წარმოადგენენ პირველი და მეორე ჯგუფის წარმომადგენლები, პროცენტული თანაფარდობით 10%/80%-ზე. ალბათ, როგორც უკვე მიხვდით, ამ 10%-ის საშუალებით გავრცელებულ აზრს წარმოადგენს “საზოგადოებრივი შეგნება” და დანარჩენი 80%-ს კი ბრბოს.
რომელსაც ქვევრის მსგავსად , რასაც ჩასძახებ იმასვე ამოგძახებს და სამწუხაროდ, რომლის მიხედვითაც გვიწევს ცხოვრება. დინების პროცესში ამ ბრბოში შეზრდის საშიშროების წინაშე და გამუდმებით იმის შიშში, რომ “არავინ არაფერი თქვას”.
ეს საბედისწერო ფრაზა, რომელიც აკონტროლებს მთელს თქვენს ცხოვრებას. პარადოქსი კი, ის არის, რომ, რაც არ უნდა ვთქვათ ან გავაკეთოთ, “საზოგადოება” მაინც იმას იტყვის, რა განწყობაზეცაა ან რაც, მას სიამოვნებს. როგორც არ უნდა ეცადოთ ყველასათვის კვერის დაკვრას, მაინც გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომელსაც, არ მოეწონება თქვენი “ფრთების შრიალი” და შეგრაცხავთ “საზოგადოებიდან” განდეგილ სუბიექტად.
სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც რეალურად ესმის კონკრეტული ადამიანის მიზნებისა, რადგან, “საზოგადოების” უმეტესი ნაწილი იმ ვიწრო პრიზმიდან უყურებს სამყაროს, რომელიც “საზოგადო შეგნებით” უყალიბდება. ამ დროს გვებადება კითხვა. ღირს კი იმ ადამიანების მოსაზრებით ცხოვრება, ან ცხოვრების წესად ქცევა, რომლებიც, განუწყვეტლივ ცდილობენ ზეწოლასა და საკუთარი აზრის მოხვევას?
თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები, თუმცა, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ისინი.
და ბოლოს, ზემოთ მოყვანილი კითხვა ალბათ, მაინც პასუხგაუცემელი დარჩება. რადგან, რაც არ უნდა ვეცადოთ და საკუთარი მოსაზრების სისწორეში ვარწმუნოთ გარშემო მყოფნი, საუკუნეობრივი მენტალიტეტი, ზოგ შემთხვევაში მარაზმამდე დაყვანილი. იმდენად შეზრდილია თითოეულ ჩვენგანში, რომ მხოლოდ საუკუნეების შემდეგ თუ იპოვიან ჩვენი შვილები, ერთმანეთთან ურთიერთობის სწორ გზას.
ამიტომ უპრიანი იქნება მეტი მონდომება გამოვიჩინოთ რათა, პროცენტული შეფარდება ჯგუფებს შორის უკეთესობისაკენ შევცვალოთ, რათა, აღმოვფხვრათ ამა თუ იმ სუბიექტების მოსაზრებების, ბოროტად გადმოცემისა და გამოყენების შესაძლებლობა.