“მაპატიეთ, ჩიტებო”

Comments

ახლა აპრილის მიწურულია,ბინდდება.საწერ მაგიდასთან ვზივარ და ქარისგან

აცეკვებულ ხეებს ვუყურებ.სულმოუთქმელად ჭიკჭიკებს ფანჯრის მიღმა

ბეღურა. სულ ასეა, ჩიტების გალობას ყოველთვის შორეულ მოგონებებში

მივყავარ. ქალაქთან ახლოს ორსართულიანი სახლი გვაქვს,რომელიც დიდმა ბაბუამ

ააშენა.ბინის მყუდროებას პატარაობისას აქ ათასგვარი თავგადასავალი

მიცვლიდა. მახსოვს,დილაობით ღუმელში შეგდებული მშრალი შეშის ტკაცუნის

ხმა მაღვიძებდა.გეგონებოდა ცეცხლოვანი გველეშაპი გემრიელი ლუკმის

გადასანსვლის მერე სიამოვნებისგან პირს აწკლაპუნებსო. სკოლის დროს აქ

ძირითადად უქმეებზე ჩამოვდიოდი.სურვილი კი განსაკუთრებით მას შემდეგ

გამიმძაფრდა, რაც ბინაში ნაპოვნმა პნევმატურმა თოფმა მონადირის ინსტიქტი

გამოაღვიძა პატარა მეოცნებეში.სსრკ-ში აწყობილი ИЖ-38 მორჩილად

ატუზულიყო კარადის კუთხეში და მოუთმენლად ელოდა მას, ვინც წარსულის

ტყვეობისგან იხსნიდა. მახსოვს სასწრაფოდ ავაწყობინე მამაჩემს(აღმოჩნდა,რომ

ზამბარა ქონდა ხელახლა დასაჭიმი) ტყვიებიც მაშინვე ვიყიდე და პარასკევს

საღამოს სახლისკენ გავეშურეთ.ახლა, როცა ამ ყველაფერს ვწერ თოფი ჩემს

ზურგს უკან კედლის კუთხესაა მიყრდნობილი. მოთმინებით ისმენს აღსარებას

და თითქოს დუმილით ეთანხმება დანაშაულის თანამონაწილეობას.

დილით ადრე ადგომა არასდროს მყვარებია,მაგრამ მეორე დღეს იმავე თოფის

ხელში დაკავების სურვილმა წამომაგდო შვიდ საათზე.ზამთრის უღიმღამო დილა

იყო,თოვლიც აქა იქ შეფენოდა ხის ჩრდილებს.მივდივარ ჩაფუთნული,ქუდი არ

მახურავს,მონადირეს კარგი სმენა ჭირდებათქო ვფიქრობდი.სადღაც შორს

შაშვების ხმა მესმის.გულის ფანცქალით მივყვები ორღობის კიბეებს.წამით

შევჩერდი, უცებ კიბის მომდევნო საფეხურის სიღრმიდან მოზრდილი შაშვი

გამოფრინდა,მე რომ თოფი სულ მომარჯვებული უნდა მქონოდა არ

ვიცოდი,სამაგიეროდ იმან იცოდა,მტერი სულ ახლოს რომ უნდა გყავდეს.

არაუშავს,15 წლის ვარ, თავს იმით ვიმხსნევებ რომ წარმატება წარუმატებლობის

გარეშე არ არსებობს.ვცდილობ ქალაქური ცოდნა მონადირის ინსტიქტებზე

გადავახურდაო. ერთი ნაბიჯი,ორი ნაბიჯი,თოფი ამერიკულ ბლოკბასტერებში

ნანახი უშიშარი დეტექტივივით მაქვს მომარჯვებული, ხელი მეღლება,თოფს

კიბის მოაჯირს ვაბჯენ, ახლა მეორე მსოფლიო ომი და ფრონტის ხაზი

მახსენდება.გერმანელები არ ჩანან,არც შაშვები.გაცივდა ჩემი ტყვიამფრქვევი.

უცებ უკნიდან ხმა მესმის,ვცდილობ უჩუმრად შევტრიალდე,ვახერხებ და იქვე

ხურმის კენწეროში ვხედავ ჩემს საკბილოს. ფრთხილად მოვიმარჯვე ეს ჩემი

ცოდვით სავსე,ორ სამიზნეს ერთმანეთს ვუთავსებ როგორც ვისწავლე, შემდეგ

გასროლის მჭახე ხმა და ფრინველი უსულოდ ეცემა ძირს.არ ვიცი რა

მოვკალი,ერთი მახსოვს, მიხარია.ცბიერი ღიმილი დამთამაშებს სახეზე.წამში

დანიშნულების ადგილას ვჩნდები და ვხედავ ფრთებგაშლილი წევს მოზრდილი

ბეღურა.არ ვიცი რატომ,წამში სევდა მერევა,მაგრამ თავს მალევე ვძლევ და

წუთის წინ სიცოცხლით სავსე მგალობელი ახლა ჩემთვის უბრალო

ნანადირევია,რომელმაც შიმშილისგან უნდა მიხსნას.ახლა უკვე სიხარბე იჩენს

თავს,მეტი მინდა.ასეთია სიცოცხლის შეცნობის ჩემეული სიმფონია? არა, იმ

წუთას იყო ასე.გახარებული და დაიმედებული(აქ შეუფერებელი სიტყვებია)

მივყვები აღმართს.მომდევნო ნახევარ საათს ფუჭად ხეტიალში ვატარებ.უკვე

სახლისკენ ვადგავარ გზას,როცა ჩუმი გაფრთხიალების ხმა მესმის,

ვტრიალდები,წესიერად დამიზნებასაც ვერ ვასწრებ,ისევ გასროლის მჭახე ხმა და

ჩემს ფეხებთან უსულოდ ეცემა ნაცრისფერი ნიბლია.ვგრძნობ რაღაც ისე

ვერაა,ხელში ვიღებ მონადირებულ დიდგულას და ვხედავ ისევ

ცოცხალია.მანამდეც ბევრჯერ მსმენია ამბავი ჩიტზე,რომელიც სიკვდილის წინ

ტიროდა.მჯეროდა პატარა სკეპტიკოსს,თუმცა დიდად მაინც ვერ

აღმაფრთოვანებდა ნაამბობი. ახლა ვხედავ მარცხენა ხელის გულზე დასვენებულ

ჩიტს,თავი უღონოდ აქვს თითებზე მიყრდნობილი,უცებ უკანასკნელად

ტრიალდება,ალბათ ამას მთელ თავის ძალ-ღონეს ახმარს და სამდურავით სავსე

ცრემლიანი თვალებით მიყურებს. ეს არც ხუმრობა და არც ფანტაზიის

ნაყოფია,მინდოდა ჩემი თავისგან გავქცეულიყავი მაშინ.ვგრძნობდი, რაღაც დიდი

ხდებოდა ჩემს თავს.ტირილი მინდოდა.ეს ყველაფერი ალბათ რამდენიმე წამს

გაგრძელდა,ჩემთვის კი მთელ უსასრულობად იქცა.წამში დაუვარდა თავი,ახლა

დარწმუნებული ვარ მაშინ ჩემი რაღაც ნაწილიც იმ ჩიტთან ერთად

მოკვდა.აღარაფერი არ მინდოდა.ისიც კი არ ვიცოდი რა უნდა მექნა

ნანადირევისთვის,არსებებისთვის რომლებიც ნადავლიდან ჩემთვის ისევ

ჩიტებად და მგალობლებად ქცეულიყვნენ.სახლს გვერდით პატარა ღელე

ჩამოუდიოდა,ორივე ჩიტი იქ მოვისროლე,ალბათ ამით მეგონა ცოტათი მაინც

გავთავისუფლდებოდი,მაგრამ არა. ახლა საკმაოდ გავიზარდე და ვგრძნობ რომ

მადლიერი ვარ ჩიტის,რომლის ცრემლმაც ტკივილი და ბევრის გააზრების უნარი

მაჩუქა.ამ ქვეყანაზე ყველა სულდგმულს აქვს არსებობის უფლება და არც ერთი

არ იმსახურებს ტაჯვას.

ახლა ყოველ დილით ჩემს საწერ მაგიდასთამ მჯდომი ისევ ვაღებ ფანჯარას,

თავმდაბლობა ნარევი სიამოვნებით ვუსმენ ჩიტების გალობას და გულში

ლოცვასავით ვიმეორებ, მაპატიეთ ჩიტებო.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!