„ომია, ომი… ომი იწყება..“
„რა არის ომი?“ ეს იყო ჩემი მთავარი კითხვა 2008 წლის ზაფხულში, რომელსაც ყველას ვეკითხებოდი, თუმცა ზუსტ პასუხს ვერავინ მაძლევდა. არ ვიცოდი რა იყო ომი, არვიცოდი 2008 წლის აგვისტომდე… დიახ, ომის ზუსტი განმარტება არ არსებობს, მას სიტყვებით ვერ ახსნი, თუ გინდა გაიგო რა არის ომი ის უნდა ნახო და გამოსცადო… ასე გავიგე მეც ცხრა წლის ასაკში რა იყო ომი…
ორიათას რვა წლის ზაფხული.
სოფელი სავსეა ქალაქის ხმაურისა და სიცხისაგან გადაღლილი დამსვენებლებით, რომელნიც სოფლის სუფთა ჰაერსა და სიწყნარეს ისე ხარბად დასწაფვოდნენ, თითქოს შიშობდნენ ზაფხულის ბოლომდე ვერ მოვასწრებთ დასვენებასა და ძალების აღდგენას, რათა სექტემბერში კვლავ დავუბრუნდეთ ქალაქის ხმაურიან და დამქანცველ ცხოვრებასო.
ამ წელს განსაკუთრებით კარგი ზაფხული იყო… სოფელი სავსე იყო. ყველა სახლის ფანჯრიდან მბჟუტავი სინათლე მოჩანდა და მხიარული სიცილ კისკისი ისმოდა. სასიამოვნო იყო საღამოობით სოფლის ქუჩებში მოსეირნე ახალგაზრდების ყურება, მზესუმზირის „ტოპრაკებით“ ხელში სახალისო ამბებს ყვებოდნენ და საღამოს სიოს ნაზი მოფერებით ტკბებოდნენ… მე ამ დროს ჩემს თანატოლებთან ერთად სახლის წინ ჩამდგარ პატარა ხის სკამზე ვიჯექი, შორიდან ვაკვირდებოდი მოსეირნე ახალგაზრდებს და იმ დროზე ვფიქრობდი როცა მეც ასე ლაღად და მხიარულად გავატარებდი ზაფხულის თბილ დღეებს ჩემს მეგობრებთან ერთად.
ასე გრძელდებოდა ივლისის ბოლომდე… მერე ხმები დაირხა… პანიკა დაიწყო… ომი იწყებაო…სოფლები უნდა დაიცალოსო…
უეცრად სოფელი გაჩერდა, ქუჩები დაცარიელდა, ვეღარსად ნახავდით მოსეირნე, მხირული ახალგაზრდების ჯგუფებს… ყველგან სიტყვა ომი ისმოდა, ყველა ომზე ლაპარაკობდა…
მე ცრა წლის უდარდელი ბავშვი ჩვეულ რითმში ვაგრძელებდი ცხოვრებას და ვერ ვამჩნევდი იმ ქაოსს რომელიც ჩემს ირგვლივ ღვივდებოდა… ვერ ვამჩნევდი და ვერ ვხვდებოდი მანამ სანამ ჩემს წინ სამხედრო მანქანების დაუსრულებელმა რიგმა არ ჩაიარა, ყველა მანქანა სავსე იყო ახალგაზრდა შეიარაღებული ჯარისკაცებით, მათ სახეზე ამოიკითხავდით გაოცებას, მათაც ჩემ მსგავსად არ იცოდნენ რა ხდებოდა, არ იცოდნენ საით მიდიოდა გზა, არ იცოდნენ რომ ომი იწყებოდა და ვინიცის ზოგიერთმა მადგანმა ჩემს მსგავსად არ იცოდა რა იყო ომი…
დაიცალა სოფელი, ყველა წავიდა, მხოლოდ მკვიდრი მოსახლეობა დარჩა, ის მოსახლეობა რომელიც ორსამთვეში უხვმოსავალს ელოდება, მუხლჩაუხრელი შრომის ფასად მოყვანილ მოსავალს, ის მოსახლეობა რომელსაც სხვა ცხოვრება არ აქვს, რომელმაც არ იცის სად წავიდეს, სად გაიქცეს და სად შეაფაროს თავი… ჩვენც მათ რიცხვს მივეკუთვნებით…
ხუთი აგვისტოდან კრიტიკული დღეები დაიწყო, ჩვენ ჯიუტად კვლავ სოფელში ვრჩებოდით…
ხმები… გამჭოლი, გამაყრუებელი, მძვინვარე, საშინელი ხმები ისმოდა… გვეუბნებოდნენ ქუხილიაო არ შეგეშინდეთო მაგრამ ვხვდებოდი ეს არი იყო ქუხილის ხმა არაა ეს უფრო საშინელის, გამანადგურებელი და მომაკვდინებელი, ომის ხმა იყო… ომის…
ომი იწყებოდა, ირგვლივ ყველას ეშინოდა, ყველა პანიკაში იყო, მაგრამ მე არ მეშინოდა, არ მეშინოდა იმიტომ რომ არ ვიცოდი რა იყო ომი, და უფრო მეტიც მოვლენების განვითარებას სულმოუთმენლად ველოდი…
კრიტიკული დღეები შვიდ აგვისტომდე გაგრძელდა… კარგად მახსოვს შვიდი აგვისტოს დილა, უჩვეულოდ სხვანაირი იყო… დილა იყო, მაგრამ ბნელოდა… ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეები იდგა, მაგრამ ციოდა… ეს ომის მოახლოვებას მოასწავებდა… რუხი ცა, და მის ფონზე მოძრავი სამხედრო ვერტმფრენები, ეს ის მომენტი იყო როდესაც მივხვდით უნდა წავიდეთ… თავს უნდა ვუშველოთ…
შვიდი აგვისტოს დილა, ეს ის დღეა როდესაც ვიგრძენი შიში, შიში ომისა…