ვუყურებ ბუნების თამაშს, ხეები დაძრწიან უჩუმრად და ერთმანეთს ფერდობების მიღმა ემალებიან.
ნებაზე მიშვებული სისხლიმსმელი მწერები მგლეჟენ ხორცებს, მპარავენ სითხეს
ჩემთვის უცნობი და ამოუხსნელი ფრინველები სამოთხის კართან გაჟღერებულ ნოტებს მასმენინებენ.
მე ნახევარწრეზე ვმოძრაობ, რკალებს ვხაზავ და ერთი შეხედვით შეუმჩნეველ სურათებს ვაკვირდები.
ჯიბეზე ოთხკუთხედად გამობერილ ასანთის კოლოფს ვხსნი და უკვე მეასედ ვშლი ფურცელს, მეასედ ვათვალიერებ ლამაზად დაწერილ სიტყვებს, წინადადებს.
აქეთ-იქით ვატრიალებ ცრუ პაპირუსს და გასახსნელს ვეძებ, კარებს, რომელიც იქ მიმიყვანს სადაც ეს წერილი დაიწერა.
ვეძებ ურდულს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არსებობს. სადღაც მილიონი საფეხურის დაშორებით, მაგრამ მაინც.
იქნებ სკივრის პოვნას ვლამობ? სკივრის, რომელშიც უამრავი გრძნობა აწყვია, იქიდან რომელსაც გინდა იმას ამოიღებ და შენთვის მოიხმარ ან წაუღებ იმას, ვისაც ეს აკლია.
გაშლილ ფურცელს ისევ ვკეცავ, ისევ კოლოფში ვათავსებ, კოლოფს მკერდზე ვიდებ და ვასმენინებ გულის ცემას.
როგორც ჟინი – ლამპრიდან, ისევე ჩნდება დეას სხეული პატარა ყუთიდან. ქალის კონტურში ჩასხმული კვამლი სხეულზე რამდენჯერმე მივლის, თავგზას მირევს.
სუნთქვაშეკრული ველი, როდის შემომთავაზებს სამი სურვილის ასრულებას, მანამდე კი წინასწარ ვფიქრობ მათზე.
ჯინი დუმს. ჰაერში ერთდებიან კვამლის ღრუბლები და ერთიანად სრიალდებიან გახსნილ კოლოფში.
მუყაოს ყუთიდან თავს ყოფს ერთადერთი ასანთის ღერი.
“ან ახლავე დაწვი წერილი, ან მას შემდეგ რაც წაიკითხავ”
მარცხენა ხელი ხახუნის ძალას გრძნობს, პატარა ხის ღერს უშავდება თავი, მასზე კი უმისამართო რხევას იწყებს მოწითალო, წაწვეტებული ოვალი, რომელიც დაუკითხავად წვავს გახუნებულ ფურცელს.
ცეცხლმოკიდებულ ქაღალდს ბოლო წამამდე ვერ ვუშვებ ხელს, ლამისაა სხეულს აუვა ალი და უსიამოვნოდ დააჭკნობს კანს.
მიწას ეცემა, ჯერ კიდევ ფურცლის ფორმის, შავი ფერფლი და დაცემისას აქა-იქ ცვივა მისი ნამტვრევები, ფერმკრთალდება, მიწაში იძირება.
ვაგრძელებ ნახევარწრეზე მოძრაობას, გავცქერი ჩამწკრივებულ ბუჩქებს, ვუყურებ მათ აცრემლებულ თვალებს. ცვარმა დაალბო ფოთლები.
ერთ ფოთოლზე განსაკუთრებით ბევრი წვეთი დაცემულა, პატარა გუბე გაუკეთებია დაქანცულ, მწვანე ფურცელზე და ამ სიმძიმით უარესად დაუქანცავს.აღარ თამაშობენ ხეები, მიწას დასცქერიან და ერთმანეთს ურწყამენ ფესვებს.
ფერფლებსაც შეეხო რამდენიმე წვეთი.
ახალი ნამწვავის აღმოცენების ლოდინში..
ახლა უკვე დიდი სიფრთხილით ვხსნი ყოველ ასანთის კოლოფს, თანაც ჯერ სურვილებზე ვფიქრობ, ვაი და იასამნისფერმა კვამლმა ისე შემომირბინოს სხეულზე, რომ კვლავაც უთქმელად დაშორდეს ორგანიზმიდან ამოგლეჯილ სულს..