სოფელი
შრიალებს ფოთლები. მწვანეში ჩაფლულა ეულად სოფელი. თითქოს ისვენებსო, არ ისმის ხმაურიც. დაღონებულა, ხმას ვერვის აწვდენს. გზები თუ ბილიკი ითვლიან ნაბიჯებს, ცარიელს, ხანდახან იშვიათ ნაბიჯებს.
ზაფხული ის დროა, ყველას რომ გვიზიდავს სიმშვიდის წუთები, სიმწვანის სურნელი.
დილით, რომ ბალახებს დანამულს შევყურებთ, ანკარა წყალი, რომ ხმაურსაც გამოსცემს, ძაღლი, რომ იყეფებს. გიყურებს, უყურებ, თითქოს ნაცნობი ხარ, მაგრამ ვერ გიხსენებს, ფაქიზად ფრინველებს ცქერას, რომ დაუწყებ.
ბავშვობის ეზოში დაბერდა ვაშლის ხეც, ხავსი გასჩენია კიდევ სხვა ხეებს. დაკრეფ ყველა ხილს, რასაც ხელს მიაწვდენ, ამაყად, სათუთად. მერე მოგონებაც სადღაც გაიღვიძებს. ბავშვობა, სოფელი, სიცელქე, წიგნები და ამბიციები.
მიფრინავს წლები, აღარ ვართ ბავშვები, ჩვენ წინ მივიწევთ, ნაბიჯებს სწრაფად ვდგამთ.
მარტოა სოფელი, ცოტანი რჩებიან. მიდიან, გეტყვიან, ქალაქი სჯობია.
სოფელი? რჩებიან დედები, მამები. ზრუნავენ შვილებზე გარჯით და იმედით.
დროც ერთ ფერშია, ერთ წრეზე ტრიალებს. გარბიან დღეები, მარტოა სოფელი, ნაკლები ხმაურით, ზოგჯერ სიჩუმით, მყუდრო და ეული.
