თავი მტკივა.
ფანჯარა გამოვაღე, სიცივე შევიგრძენი და დავმუნჯდი. ახლა მხოლოდ ჩემი შინაგანი ხმა საუბრობს. ფიქრები ბაასობენ და ერთმანეთს ეხუტებიან, ამხნევებენ არ გავიყინოთო.
თვალები ჩასცქერიან ტელეფონს, შიგადაშიგ იყურებიან კურპუსების ლაბირინთებში, რომ ახალ-ახალი შეგრძნებებით დატვირთონ სხეული. მყუდროებას ყოველ წამს მირღვევენ მანქანები, მათი განათებული ფარები და ტვინის ამადუღებელი ხმა.
უკვე ცხრა საათია, ღმერთო, როგორ ვუძლებდი ამ ტონიანი, მომავალი ჯართის მასალებს გრუხუნს მთელი დღეების მანძილზე, სისტემატიურად.
თავი მტკივა, სიცივემ ვერ მიშველა.
უკვე ალბათ ერთი თვე იქნება ჩემი კორპუსი გარედან არ დამინახავს, ჩემს ფანჯარას არ მივჩერებივარ. ამბობენ, სახლში ვიყოთო. თითქოს, ვინც მეტ ხანს გაძლებს ამ თამაშის გამარჯვებულიც ის იქნება, მაგრამ მგონი ბოლოს დანებდება ყველა და თავს დამარცხებულად გამოაცხადებს. სიამოვნებით ვიქნებოდი პირველი და როგორც ადრე, ბარბაცით გავივლიდი ეკლესიის ეზოს. ჩუმად, ფარულად გადავიწერდი პირჯვარს, არავის რომ დავენახე და აუღელვებლად განვაგრძობდი გზას. თითქოს ღმერთს არ შემოებიჯოს ჩემ გონებაში.
თავი ისევ მტკივა.
ძაღლების გამაყრუებელი ხმა არ მასვენებს, დამპალი ცხოველები. ხომ შეუძლიათ ერთი წამით მაინც გაჩუმდნენ. ჩვენ გვტკივა, ზოგს გული, ზოგს სხეულის რომელიმე შრე, მე თავი მტკივა ის კი ყეფასა და ყმუილს არ წყვეტს. ადამიანის საუკეთესო მეგობრებიო, ამბობენ ხოლმე. ისინი ერთმანეთისთვის არ არიან და ჩვენთვის ხომ მითუმეტეს. აი ჩემი სურო, გაზის მრიცხველზე ასული, დინჯად და ფოთლების ნაზი რხევით ყოველთვის ჩუმად მოგისმენს. არც დაყეფს და არც შეგაშინებს. მაგრამ ვერ მიმკურნალებს..
თავი ისევ მტკივა.
ოცნებად მქონდა და ოცნებადვე დამრჩება სურვილი, ვინმეს ვიცნობდე ჩემს წინა კორპუსში. გამოვდიოდეთ ერთდროულად ფანჯრებთან და ვუყურებდეთ ერთმანეთს. ვუყურებდეთ, სანამ მუხლები არ აგვიკანკალდებოდა. ოცნებები ჯერჯერობით არ აპირებებ ახდენას. ჩემი თანამგზავრი კვლავ სხვისად ითვლება, მე კი სათითაო ფანჯარაში ვეძებ მას.
დაძაბულ გონებას თავის ტკივილის გამძაფრება სცოდნია.
ვწერ ამ ყველაფერს, თითები მიკანკალებს, როგორც მაშინ ჩემს ცისფერთვალება მთვარეს რომ ველოდი დილის ქარში. თანაც მეცინება.
ისინი მაინც ვერაფერს იგებენ, მე კი ვწერ.
აკანკალებული ხელებით, თავის ტკივილითა და უიმედობით.
ახლა ისევ წავალ და ორ ციტრამონს ჩავატან წყალს.
ხვალ კი ისევ ტკივილით გავიღვიძებ და ფანჯრიდან გავაგრძელებ ხეტიალს აპრილის ნისლში..
