fbpx

უკანასკნელი მოგონება

10187897
0

ვუძღვნი რ. ქ-ს 
მრავალი წლის შემდეგ, სიკვდილის წინაშე მდგარი, ვფიქრობ იმ უჩვეულო საღამოზე, რომლის მოგონება წინათ მტანჯველ სევდას მგვრიდა, ახლა კი ბედნიერებით მავსებს. ის დღე ერთადერთია, მიმქრალი სანთელივით ოდნავ რომ ანათებს და აფერადებს ჩემი ცხოვრების ნაცრისფერ დღეებს. ერთდროულად მწუხარებისა და სიხარულის ისეთი მძაფრი გრძნობა მეტად აღარასოდეს განმიცდია, სწორედ ამიტომაა ესოდენ ძვირფასი ის სიცოცხლით სავსე რამდენიმე საათი ჩემთვის. თუმცა ამას გვიან მივხვდი! ცხოვრებაში ზოგჯერ არის წუთები, როცა ერთმანეთში იმდენადაა შერწყმულ-შედუღაბებული ავი და კარგი, ტკბილი და მწარე, შხამი და ნექტარი, რომ ბედნიერება უბედურებად ეჩვენება კაცს. მაგრამ დროს ერთი დიდებული თვისება აქვს – ის არამხოლოდ აყუჩებს სულიერ ტკივილს, არამედ რაღაცნაირად ამსუბუქებს და სასიამოვნოსაც კი ხდის. ამიტომაა, რომ ყველაზე უსიამოვნო ამბავიც საამო მოგონებად იქცევა ხოლმე. მეც ასე დამემართა…

რესტორანში ჩემი ძმის დაბადების დღეს აღვნიშნავდით. ხალხმრავალ სუფრაზე ყოველთვის მოწყენილობა მიპყრობს. ლხინი ნებისმიერი ადამიანის თვალში არარად იქცევა, თუ არ იცეკვა, იმღერა, იხუმრა და საკუთარი აზრი თანამეინახეებს არ გაუზიარა, მე კი არც მეტყველება შემიძლია და არც დამოუკიდებლად გადაადგილება.

იმ საღამოსაც თანდათანობით დამეუფლა მოწყენილობის განცდა. დრო რომ როგორმე გამეყვანა, თვალი მოვავლე დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას. უეცრად შევნიშნე საოცრად ლამაზი ქალი, რომელიც მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა. ასე, ოცდათხუთმეტ-ოცდათექვსმეტი წლის იქნებოდა. აბრეშუმივით ნაზი და მბზინვარე ქვიშისფერი თმა ზურგს უკან ტალღებად ეშვებოდა. წამწამთა ჩრდილქვეშ ულამაზესი მწვანე თვალები განაბულიყო. ამომავალ მზესავით მშვენიერი, თბილი ღიმილი გადაურბენდა ხოლმე ტუჩებზე და მთელ სახეს უცისკროვნებდა. თვალს ვერ ვაშორებდი მომხიბლავ ქმნილებას და ვგრძნობდი, თანდათან როგორ იპყრობდა ჩემს სულს განუმეორებელი სილამაზით.

მათ მაგიდას წარმოსადეგი გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და ქალი საცეკვაოდ გაიწვია. მან ჯერ უარის ნიშნად თავი გააქნია, მაგრამ ბიჭი რომ აღარ მოეშვა, წამოდგა, ხელები გაშალა და გედივით გაცურდა პრიალა, ყავისფერ იატაკზე. ვაჟი მარცხენა მხრიდან “სრიალა სვლით” კვალდაკვალ მიჰყვებოდა, მაგრამ თან ფრთხილობდა – არ შეხებოდა ქალის გრძელ საღამოს კაბას, რომელიც მაღალ, მოხდენილ ტანს უმშვენებდა. ცდილობდა, წინ გადაღობებოდა და სულის დამატყვევებელ თვალებში ჩაეხედა. თავს ევლებოდა, თვალს წამითაც არ აცილებდა, თითქოს მის გარდა ამქვეყნად არავინ იყო. ვაჟით მოხიბლული ქალი დროდადრო აჯილდოვებდა მას თავისი შუქმფენი ღიმილით. ატლასივით სრიალა, ნაზ ღაწვებს მკრთალი ვარდისფერი შეჰპაროდა. ოფლის წვრილი წვეთებით დაცვაროდა ღია ხორბლისფერი სახე. ვუყურებდი მათ და სუნთქვა მეკვროდა, გული გამალებით მიცემდა, მთელი სხეული ზამბარასავით დამჭიმოდა, თითქოს მეც მათთან ერთად ვროკავდი.

ცეკვა რომ დასრულდა, ის ქალი რატომღაც ჩვენი მაგიდისკენ წამოვიდა, ჩემს ზურგს უკან უნდა ჩაევლო. საშინლად მომინდა, გამოვლაპარაკებოდი, ნახევრად შევბრუნდი ჩემი ეტლით და პირი გავაღე, მაგრამ იქიდან მხოლოდ ხორხისმიერი გაუგებარი ბგერები აღმომხდა, ყველამ ჩემკენ მოიხედა, ძალიან შემრცხვა, თავი ჩავღუნე… იმ წამს სულ გადამავიწყდა, რომ მეტყველება არ შემეძლო, მე ხომ რიყის ქვასავით უტყვი და უძრავი ვარ. მან ალბათ კარგად გაიგონა ჩემი “ხარირმისებრი ძახილის” ხმა, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არაფერი შეიმჩნია და ისე განაგრძო გზა, თითქოს ეს უცნაური ხმები არც კი გაუგონია.

კარგა ხნის შემდეგ ავწიე თავი და თვალი გავაპარე იმ ქალის მაგიდისაკენ. მან ჩემი მზერა დაიჭირა, იგრძნო, როგორი აღტაცებითა და გაოცებით ვუცქერდი. ოდნავი სევდა ჩაუდგა ზურმუხტისფერ თვალებში და სიბრალულით გამიღიმა. მისი სილამაზის ჭვრეტით მოგვრილი სიამოვნება პეშვში დაგროვილი წყალივით სწრაფად დაიწრიტა და დამრჩა მხოლოდ სულის გამყინავი ამაოების განცდა. განა არ ვიცოდი, იმ მშვენიერ უცნობ ქალს, სიბრალულის გარდა არანაირი სხვა გრძნობა არ შეიძლებოდა გაჩენოდა ჩემს მიმართ, მაგრამ მაინც საშინელი ტკვილი ვიგრძენი… თვალი დავხუჭე, ვეღარ შევძელი იმისი სიბრალულით სავსე ღიმილის ატანა. თუმცა, მეორე მხრივ, იმ ქალის ასეთი რეაქცია სულაც არ იყო უჩვეულო და მოულოდნელი, მანამდეც შემიმჩნევია მსგავსი გამომეტყველება ქუჩაში შემხვედრთა სახეებზე. როდესაც ეს გავაცნობიერე, გადავწყვიტე, მეც ღიმილითვე მეპასუხა მისთვის. მაგრამ თვალი რომ გავახილე, ის ქალი აღარსად ჩანდა, ლამაზ ზმანებასავით გამქრალიყო…

ავტორი: გიორგი მგალობლიშვილი

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!