fbpx

შვიდი წლის შემდეგ

0

ვიცი, ამას ვერასდროს წაიკითხავ მაგრამ მაინც მინდა მოგწერო.  წლებია ყოველ დღე, რომ მახსოვხარ ეს ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივი მომენტია მაგრამ წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით მიძნელდება შენი ჩემთან არ ყოფნა. 

ძალიან პატარა ვიყავი. პატარა და გამოუცდელი. მაშინ ვერ კი წარმოვიდგენდი თუ არსებობდა მსგავსი გრძნობა დედამიწაზე. 

პირველად რომ დაგინახე,  შემრცხვა. მაშინ არ ვიცოდი რატომ ამიღაჟღაჟდა ლოყები  და აგარიდე მზერა. როცა პირველად დამელაპარაკე მარტივი წინადადებების აწყობა გამიჭირდა, სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს და ნერვიულად ვცქმუტავდი. ჩემდა გასაოცრად, ვერც ეს საქციელი ამეხსნა. პირველად როცა შენი ხელი ჩემს ხელს შეეხო, მთელი ტანი სიმხურვალემ მოიცვა. ფეხის თითებიდან წამოსულმა სითბომ სხეულის ყველა კუნჭული გაათბო. როცა გავბედე და პირველად თვალი თვალში გაგისწორე,  ვიგრძენი როგორ გამიფართოვდა თვალის გუგები და მზეებივით აბრდღვიალდნენ.  თითოეული წამი, რომელსაც შენ გვერდით ვატარებდი იყო უჩვეულო და სასიამოვნო.  პირველად როცა ჩემი სახე შენს დიდრონ ხელებში მოიქციე  და მითხარი ” საოცარი გოგონა ხარო”, ვისწავლე ფრენა. თითქოს მხრებზე ფრთები მომება, საოცრად მჩატე გავხდი, გული ჩემთვის აქამდე უცნობ მელოდიას უკრავდა და მე ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი, გარდა შენი ყავისფერი თვალების და მომნუსხველი ღიმილისა. 

თუ კი ვინმე მკითხავს, გაიხსენე შენი ცხოვრებიდან ყველაზე ამაღელვებელი და ბედნიერი მომენტიო, მაშინვე ჩვენი პირველი ცეკვა გამახსენდება.  შენი ხელები ჩემს წელზე, მაძლევდა მშვიდად ყოფნის საშუალებას. ვიცოდი, რა განსაცდელის წინაშეც არ უნდა დავმდგარიყავი, შენ ყოველთვის იქნებოდი მზად, ყოველთვის გამომიწოდებდი დახმარების ხელს და გადამარჩენდი.  ჩემი თავი შენს მკერდზე თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაგრძნობინებდა. მესმოდა შენი გულისცემა, ვგრძნობდი შენი სხეულის სითბოს და ვიცოდი, ირგვლივ ყველას რომ ზურგი ექცია ჩემთვის, შენ მაინც ჩემს გვერდით ივლიდი.  პირველად როცა შენი ცხელი ტუჩები ჩემსას შეეხო, ვიგემე უკვდავება, მივხვდი რისთვისაც ღირდა სიცოცხლე.

შუაღამისას რამდენჯერ გავპარულვართ სახლიდან, გვიხეტიალია მთვარიან ქუჩებში ხელიხელ ჩაკიდებულებს ; რამდენჯერ გვიცეკვია ჩემი უბნის ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე; რამდენჯერ საათობით ვწოლილვართ ბალახზე და ციდან ვარსკვლავის ჩამოვარდნის მოლოდინში მილიონ რამეზე გვიოცნებია.

შენთან ყოფნისას გავიგე, რომ თურმე შეიძლება ღამეც იყოს ფერადი, სიჩუმე კი ხმაურიანი. თურმე სიტყვები სულაც არ ყოფილა საჭირო სალაპარაკოდ და ამ ფუნქციას თვალებით კარგად ართმევენ თავს.  ძილი სულაც არ არის საჭირო, იმისათვის, რომ დილა ხალისით დაიწყოს, ამისათვის საყვარელი ადამიანის ერთი ზარიც კი საკმარისია.

… და ახლა, როცა შენ ჩემთან აღარ ხარ, ყველა ეს გრძნობა მაინც ცოცხლობს გულში და როცა მარტო ყოფნისას გიხსენებ, ისევ ისეთი სიცხადით განვიცდი თითოეულ მომენტს, როგორც მაშინ, პირველად განცდისას.

წელს, ჩვენი გაცნობიდან მეშვიდე წლისთავზე, რომელსაც უკვე მეოთხედ შევხვდი შენს გარეშე, ვზივარ ჭიქა ღვინით ხელში და ფილმის კადრებივით ვიხსენებ, ვახვევ და ვახვევ უკან თითოეულ მომენტს. ვინ იცის, შესაძლოა შენ კარგა ხნის წინ ჩამაბარე წარსულს მაგრამ მე ისევ მახსოვხარ და მუდამ მემახსოვრები, როგორც პირველი ბიჭი, რომელაც სიყვარული მასწავლა.  

დღეს მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან რომ არა შენ, არ მეცოდინებოდა რა საოცარია თვლიდე თავს სხვა ადამიანის ნახევრად. არ მეცოდინებოდა ფრენა, გულიანად კისკისი. არ მეცოდინებოდა, რამხელა სიამოვნებაა, როცა ხალხში თვალებით ეძებ შენთვის ნაცნობ სილუეტს და პოულობ. არ მეცოდინებოდა როგორი სურნელი აქვს ბედნიერებას. 

მე აქ, შენ მაქ, ჩემგან ათასობით კილომეტრით შორს, ახლა უკვე ცალ-ცალკე ვკვალავთ ცხოვრების ბილიკებს მაგრამ ჩვენი გულები მუდამ იქნება გადაჯაჭვული უხილავი ძაფით, რომელიც არ მოგვცემს ერთმანეთის დავიწყების უფლებას, რადგან შეუძლებელია ამხელა გრძნობა უბრალოდ გაქრეს. 

მთელი ცხოვრება ბედნიერი ვერ იქნები. უბრალოდ უნდა ეცადო და შეაგროვო ბედნიერი წამები, რადგან მწუხარების ჟამს, ისინი მოგცემენ ფეხზე წამოდგომის ძალას.

მადლობა, რომ მე დღეს ძლიერი ვარ.

მადლობა,რომ მასწავლე როგორ უნდა მიყვარდეს. 

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!