29 ნოემბერი იყო, როდესაც გადავწყვიტე იმ ეზოში შესვლა, სადაც გიჟები იყვნენ ჩაკეტილნი, ეს მათი სივრცე იყო, ისინი იქ გამოკეტეს, მათი ჰორიზონტი შემოსაზღვრეს …
ამ ეზოში სხვანაირად მოდიოდა შემოდგომა, კუთხეში ლუკასი იჯდა, სხვა სულიერი იქ არავინ იყო მის გარდა თუ არ ჩავთვლით რომ ვიყავით “არა ვინ “- მე და “არა რა”-სიჩუმე.
გამარჯობა!
ჩვენ ყველანი მოგიყვებით ჩვენს ამბავს!
სალო-მე
18 წლის ვიყავი მაშინ, ბავშვობას ერთი ნაბიჯით დაცილებული. ლუკასი ალბათ 7-8 წლისა იქნებოდა, ბავშვობას კიდევ ერთი ნაბიჯით დაახლოებული … ყველა თვლიდა, რომ ლუკასი შეშლილი იყო. მოშორებით ჩამოვჯექი ოდნავ მისგან და დაჟინებული მზერით ვუყურებდი. … ფოთლებს უხმოდ აგროვებდა, გეგონებოდათ ცდილობს მათში მთელი სხეულით ჩაიმალოსო. მე მხოლოდ გაოცებას ვგრძნობდი, ლუკასი შემოდგომას.
შემოდგ”ომის” დრო …
მე წელიწადის ყველაზე ლამაზ დროდ მოვიაზრები, მე ის დრო ვარ, როდესაც ხეზე შერჩენილი ფოთლების დათვლა ისეთივე მარტივია, როგორც თქვენი სიცოცხლის დარჩენილი დღეების. გაკვირდებით წვიმის წვეთებს რომ დასდევთ ხოლმე, თითქოს სურვილი გიპყრობთ ერთი წვიმის წვეთით ჩამოირეცხოთ საკუთარი სიბინძურე. ლუკასი მთელი სხეულით შეიგრძნობს იმას, რაც არც იცის რომ მასაც ეეკუთვნის და ხედავს ყველაფერს, რაც არ ჩანს …
სიჩუ-მე
მე ვარ სიჩუმე, ყველაზე მეტს ვხმაურობ ხოლმე … ზოგი ტკივილით მამკობს, ზოგი თანხმობით, სულ ცოტაც ბედნიერებით. ყველა ხსნა და ყველა გაუცემელი პასუხი ვარ. მე და ლუკასი ბევრს ვსაუბრობთ თქვენზე, თუმცა თქვენ არაფრის თქმა შეგიძლიათ ჩვენზე. კარგი მეგობარია ლუკასი, ვერაფერს იტყვი …
ფიქრები
… დამაცადეთ საუბარი, არა არც იფიქრო ! შენ ახლა აქ არ უნდა იყო! საკმარისია! წადი! წადი! დამაცადე მე ვიტყვი! … გამარჯობა ! ჩვენ ფიქრები ვართ! ჩვენ ისევე განვსხვავდებით ერთმანეთისგან როგორც თქვენ ყველა და სამყაროს ყველა წერტილი. ყველა თქვენგანს გსტუმრობთ და გვერდიდან ვერ გცილდებით, მანამ, სანამ თავად არ ისურვებთ. ჩვენშიც არიან კარგი და ცუდი ფიქრები, ხშირად ხდება რომ მისამართები გვერევა ხოლმე და ადამიანებს არასწორად ვსტუმრობთ. ლუკასთან რამდენჯერაც მივედით თავად გაგვიჩინა საფიქრალი, უცნაური ბავშვია …
ფეხმძიმე ფსიქოლოგი
ლუკასი გეტყოდათ ბოროტი ჯადოქარიაო! გამარჯობა, მე ფსიქოლოგი ვარ, შეგიძლიათ ლუკასის გონების პულტადაც აღმიქვათ. აუტანელია, მღლის ! ანაზღაურებაც როგორი შეუსაბამოა იმის ატანასთან, რაც მიწევს. პატარა გოგონას ველოდები, ისეთი უნდა იყოს ჩემი თოჯინა, როგოგორსაც მე ჩავთვლი საჭიროდ. რა უსამართლოა ცხოვრება! ლუკა შეეშვი ფოთლებს! ძილის დროა !!! არავინ ხართ აქ? დააძინეთ !!
ლუკასი
დამელოდეთ ! მოვედი … გამარჯობა, მე ლუკასი ვარ, დედამ ბოროტ ჯადოქართან დამტოვა. როცა ჩემთან მოდის და უზარმაზარ თითებს მიშვერს სახეში ყველაფერი ბნელდება. რა უნდა? … როგორ მიყვარს ფოთლები და როგორ მინდა მესმოდეს მათი. ისინი ჩემს დამალვას ყოველთვის ახერხებენ. დღეს ჩემი დაბადების დღეა, კუთხეში რომ გოგონა ზის ხედავთ? იქნებ ოდესმე მიხვდეს, რომ მოვიდეს და მეთამაშოს. მეეზოვე მოდის, ჯანდაბა ! რატომ გვის ფოთლებს, რატომ? ირგვლივ იმდენი ნაგავია … მეც შემოდგომის ფოთლებს წავყვები, იქნებ ერთ დღესაც თავად ნოემბერმა დამიწეროს დრამა …
ნოემბრის სიზმარი
მე ნოემბერი ვარ, მე მოვავლინე სამყაროს სიჩუმის პოეტი ლუკასი. გაიღვიძე გოგონავ! ეს ის სიზმარი იყო, ნოემბერმა რომ ვიცი მხოლოდ …
გაიღვიძე, ძილის დროა!
გიპოვი ლუკას !