… ოთხ კედელს შორის, მხოლოდ ერთზე სიცარიელე დავტოვე და პორტრეტს ვაქარგავ, მხოლოდ თეთრ კედლებს ეცოდინებათ რომ აქ ვცხოვრობდი და მოყვებიან რომ ოდესღაც მეც ვმათხოვრობდი ერთ სუნთქვა ჰაერს … მოგიყვებიან ყველა ვერდაწერილ სტროფზე და გადააბრალებენ ყოველივეს ოც თეთრიან საწერ კალმებს რათა დამიცვან. მოყვებიან როგორ ვგავდი საკუთარ გასვენებაში მიტანილ მიხაკებს, როგორ ვორთქლავდი ფანჯრის მინებს და ვხატავი საკუთარ ვერ ახდენილ ოცნებებს, რომელიც ყველას უხდებოდა ჩემს გარდა … ჩემს ოთახში ათი ფანჯარა იყო, ათიდან, ათივე უფუნქციო. როცა სუნთქვა მჭირდებოდა ყველა თავისდაუნებურად ან კეთილი ნებით ირაზებოდა, ხოლო როცა სუნთქვის შეწყვეტა გადავწყვიტე, ყველა ერთდროულად გაიღო და ათივე ფანჯრიდან ერთად გადავეშვი, ამიტომ არ მეყო საკუთარი ცხრა სიცოცხლე და ერთი სიცოცხლე ვალად დამედო. თუ კი ისურვებ ჩემს მოსმენას, მოდი ! მოდი იქ სადაც დასხდებიან ტკივილები, მარტოობა, დუმილი, ხმაური, შიში და ყველაფერს მოგიყვებიან ჩემს უღმერთო ყოფაზე, სადაც მხოლოდ ღმერთი მყავდა და მაინც უღმერთო მერქვა. მთვარე მაჯებში დაიწყებს ამოსვლას და ბოლოს რომელიღაც უიღბლო არტერიაში გაიჩხირება … საკუთარი სისხლით გავაფერადებ შავ-თეთრ ფილმს, რომლის ერთადერთი ცოცხალი მაყურებელი შენ იქნები ამხელა ანშლაგში. პლასტმასის ჭიქაში ჩაწვავ დაუთვლელ ღერებს და გვიან მიხვდები, რომ მე აღარ ვიქნები, აღარ ვიქნები მაგრამ ის უფრო მტკივა რომ არც არასდროს არ ვყოფილვარ. შენ? შენ მთელი ცხოვრება იმას მსაყვედურობდი რატომ ვერ ვაკეთებდი მეტს, რატომ არ შემეძლო მეტი … მეკი იმხელა გრძნობებით ვიყავი სავსე რომ არ მეგონა სადმე თუ დავეტეოდი … ერთნაირი უსამართლობით მექცეოდით შენც და ცხოვრებაც, ღმერთს ვერასოდეს ვუსაყვედურებ რადგან მე თავად ვაქციე მას ზურგი. ახლა? ახლა მიწას ვშორდები მაგრამ ღმერთს მაინც ვერ ვუახლოვდები. არეული შრიფტით ვწერდი საკუთარ ცხოვრებას და წაკითხული არასდროს მომწონდა, შენ არც კითხულობდი ისე წვავდი! … გახსოვს რომ მითხარი იქნებ ოდესმე ჩაგეხედა ვინმესთვის თვალებში, იქნებ რა დაგენახაო … მე ყოველთვის ყველას ვუყურებდი თვალებში, ისე რომ თვალები არასდროს დამჭირვებია და ახლა მე გეკითხები შენ, იქნებ ჩემს თვალებში ჩაეხედა ვინმეს, იქნებ რას დაინახავდა?! ჰო, არც ის მახსოვს ვინმეს მხარზე მექვითინა … როცა შენ ბედნიერ წუთებს ლამობდი, მე ვოცნებობდი მეტირა … მე ტირილის უფლებასაც არ მაძლევდა ცხოვრება … ყველა ჩემს ტკივილს ვკრებდი და პოზიტივად ვაქცევდი, ასე ვიქეცი კლოუნად და ყველა როლს დიდებულად ვირგებდი, ბოლოს იხურებოდა ფარდა და ყელში მეჩხირებოდა წუხილი, იმისა თუ რამხელა სევდა არსებობს ადამიანთა შორის, რომელსაც დუმილს ვეძახით. … არც შენ მოგცემ ტირილის უფლებას, ეს ყველაზე დიდი ტკივილი იქნება იმ ტკივილების საზღაურად რაც მიძღვენი უანგაროდ და უხვად. დედაჩემს მოუყევი როგორ მრცხვენია მისი, იმის თქმისაც მრცხვენია რა არის ამ სირცხვილის მიზეზი … დედა ! ყველა ჩემს შეცდომაზე თავს იმით ვიმართლებდი რომ ყველა ქვირითი ვერ იქცეოდა თევზად და ვერც ყველა რკო მუხად … შენ დუმდი, დუმდი და საკუთარ თავს მიაწერდი ჩემს დანაშაულებს, რომლებსაც შეცდომებად ვფუთავდი და თან დავატარებდი წლების მანძილზე. მე სიყვარული მეკრძალებოდა, მე ბედნიერება მეკრძალებოდა და მაინც ყოველთვის ყველაზე მხიარული და ბედნიერი ვიყავი, მათზე, ყველაზე შეყვარებული, ვისაც არაფერში სჭირდებოდა ჩემი ყოფა. მტკივა, მტკივა რამდენი რამის ვერთქმული ვტოვებ საკუთარ თავს, თუმცა არც არაფერი მქონია არასდროს რომ ახლა ვერ ვიმეტო დასატოვებლად. ყულფმორგებული გავურბი ტკივილის მორევს, მგონია რომ ჩემი სუნთქვა დარაბების ღრიჭოებს სცდება. ორ რამეს ვგრძნობდი მარადიულს, წვას და რწმენას, ამიტომაც რაც ქვეყანაზე მწამდა და მწვავდა არავის გავატან უფრთოდ! მე არ მაქვს წასვლის უფლება, მე უნდა გავფრინდე, მე უფრთოობა არ მეპატიება!

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!