იყო და არა იყო რა, იყო ერთი ოჯახი, რომელიც ახალი წლის დადგომას მოთმენლად ელოდა… არა, არა, ეს ამბავი ასე არ იწყება, არც ზღაპარივით კეთილი დასასრული მოუჩანს… ეს ყველასთვის ნაცნობი,მაგრამ გულში ღრმად დამარხული თემაა, რომლითაც ახალი წლის ღამეს გულს არავინ დაიმძიმებს…
აი როგორ იწყება ეს ამბავი სინამდვილეში:ზამთრის სუსხში , დეკემბრის ცივ,თოვლიან ღამეს ,როცა ყველა სულმოუთქმელად ელის შუაღამის თორმეტს როდის ჩამოჰკრავს საათი და თბილად, ბედნიერები,ახალი იმედებით და სურვილებით სავსე ელიან ახალ წელს, ამდროს ქალაქის ბოლოს დიდის წვალებით გადახურულ ერთი ციდა ნანგრევში სადაც თავმოყვარე ძაღლიც კი არ შევა საცხოვრებლად, ფიქრებით დამძიმებული, სიცივისგან შებოჭილი მოხუცი მამაკაცი უპატრონოდ დარჩენილიყო ამხელა ქვეყანაზე.
გული შიგნიდან წვას დაიწყებდა, გავარვარდებოდა და ფერფლად გექცეოდათ, რომ გენახათ მისი მარტოობისგან გამოცარიელებული თვალები, რომლებშიც დიდი ტკივილი, დიდი და ძლიერი გრძნობა იმალებოდა. რაღაც სულისშემძვრელი , რაც მის თვალებში ჩახედვისას შეგეჩეხებოდათ გულსა და სულს სტანჯავდა.თვალები ვერაფერს მალავენ, მათში იკითხება რას გრძნობ, რა გიხარია, რა გაწუხებს. როცა ასეთ მდგომარეობაში ჩავარნილი ადამიანის თვალებს წარმოიდგენ, უამრავი სურათი წაროგიდგება თვალწინ. თუმცა როდესაც პირისპირ გადააწყდები შენდაუნებურად ყელში ბურთი გეჩხირება, თვალები გიცრემლიანდება, გრძნობ იმ დიდ ტკივილს, რაც ოდესმე ამ თვალების პატრონს გადაუტანია და გინდა იყვირო, ყველას გააგებინო როგორი უსამართლოა ცხოვრებ, როგორი დაუნდობელი, როგორი სასტიკი ამ სუსხიანი ზამთარივით.
მაგრამ ამას მხოლოდ ჩვენ ვხედავთ, მე და თქვენ, სინამდვილეში ყველა თვალს არიდებს… მოხუცი პეტრე, რომელიც უკვე 20 წელია მარტოდმარტო ცხოვრობს ამ ნანგრევებში არ იცის რა არის ბედნიერება, აღარ ახსოვს როგორია როცა ვინმე გითანაგრძნობს, როცა ვიღაც მხარში გიდგას. იმედგაცრუებული, თუმცა იძულებული, რომ თავის გადასარჩენად ლუკმა პური იშოვნოს, გარეთ სამათხოვროდ გადის. მოგეხსენებათ როგორ არიან ადამიანები მოწყობილნი, საკუთარი ბედნიერებისა გარდა არაფერი აინტერესებთ. არ სიამოვნებთ, როცა მათ მხიარულ განწყობას რაღაც ხელს უშლის, ამიტომაც მობუზული და ნახევრად გაყინულ პეტრეს ყურადღებას არ აქცევენ. გამვლელ-გამომვლელები თვალს არიდებენ, თითქოს არც არსებობდეს…
განა რატომ?! ადამიანები ხომ ცივილიზებული, გონებაგამჭრიახი ხალხი ვართ, რატომ არავინ ისურვა მოხუცი პეტრეს დახმარება? იმიტომ, რომ ყველას არ შეუძლია იმ ათას ჭირ-ვარამში გამოვლილ თვალებში ჩახედვა. რომც გაბედონ, ეს არეული გრძნობები იმედგაცრუებისა და უსამართლობის, მათზეც გადავა, მათაც მოიცავს, რაც ახალი წლის ბედნიერად გატარებაში ხელს შეუშლით…
თუმცა ცხოვრება ასეა მოწყობილი, ვიღაცას შეუძლია სახლში, მყუდროდ, თბილად, ოჯახთან ერთად მშვენიერ სუფრას მიუჯდეს და სიხარულით აღნიშნოს შობა, ახალი-წელი, როცა ფანჯრიდან, უსახლკარო, გათოშილი, ცხოვრებისაგან დაჩაგრული და ბედნიერებისაგან დავიწყებული მოხუცი ხარბად უყურებს როგორ შეექცევიან საახალწლო სუფრას…
პეტრეც ასეთი გაქვავებული იყურება შორს, სივრცეში. დროდადრო მაღლა აიხედავს და თითქოს რაღაცას ევედრება მთავრესო, აწყლიანებული თვალებით გაჰყურებს. მის გონებაში ფიქრები ერთმანეთში ირევა… რაღაცას ფიქრობს, ორჭოფობს და ვერ გადაუწყვეტია რა მოიმოქმედოს.
ბოლოს გარეთ გამოვიდა, კარგად შეისუნთქა სუფთა ჰაერის ნაკადი და გზას გაუდგა ნელ-ნელა, ისეთი ნაბიჯებით როგორითაც შეეძლო. მიდის და სახეზე ემჩნევა, რომ რაღაც გადაწყვიტა.მძიმედ, ჩაფიქრებული მიუყვება ტბის ნაპირისკენ პატარა ბილიკს… მოულოდნელად, მის სახეზე ერთდროულად გაჩნდა დიდი ხნის დავიწყებული, წარსულში დატოვებული რამდენიმე გრძნობა: გაოცება, შიში, სიხარული და ბოლოს სიყვარულიც. წინ სიღარიბეში გარდაცვლილი ცოლის აჩრდილი დაუდგა. თავისთან მოიხმობდა, ტკბილი, ნაზი ხმით. პეტრემ ნატანჯი, სიცივეში დაყინული და დახეთქილი ხელები მისკენ გასწია. ამდენი ხნის შემდეგ თვალებში სიცარიელე ამოევსო და მეუღლისკენ გაემართა…
იმ ღამეს ყველამ სიხარულით აღნიშნა ახალი წელი, უბედნიერესები იყვნენ თავისი ცხოვრებით, ბევრი იცეკვეს, ბევრიც იმღერეს… მეორე დღეს კი ნაპირზე მკვდარი სხეული გამორიყა ტალღებმა… გვამის მპოვნელებს თითქოს ეცნოთ კიდეც ცხედარი, მაგრამ მაინც ვერ გაიხსენეს ვინ იყო.
-,,რა საშინელებაა, ახალი წლის ღამეს განა რამ მოაკვლევინა თავი?როგორ უნდა მისულიყო თვითკმვლელობამდე ყველაფერს მოევლება ამ ქვეყანაზე”- ამბობდა ერთ-ერთი ქალაქის მცხოვრები, რომელიც ყოველ დილით თბილი სახლიდან გამოდიოდა და მოხუც პეტრეს გვერდს უვლიდა, თუმცა მნიშვნელოვნად არასდროს ჩაუთვლია დახმარებოდა…
