ერთ დღესაც, სკვერში სასეირნოდ მიმავალი მომკრავ თვალს. ჯერ შუბლის შეჭმუხვნით ჩამოყალიბების პროცესში გადაინაცვლებ, ბოლოს კი დარწმუნდები, რომ ჭაღარა წვერის უკან ჩემი სახე იმალება. მოზრდილი ქვის ქვეშ შევაცურებ ქაღალდის ნაგლეჯებს და შენთან შესახვედრად მოვემზადები. წვერზე ხელს ჩამოვისვამ, ყურებს უკან თმის გადაწევის იმიტაციას გავაკეთებ გამელოტებულ თავზე და ეგაა, მზად ვარ, შეგიძლია ლოყაზე ჯღანვით მომადო ფერწასული ტუჩები.
-კარგად ხარ?
იქნებ შეგრცხვეს, შიშით ღამენათევ თვალებში ამოიკითხო თუ როგორი ბედნიერი ვარ და გაინაბო. აქამდე თუ მხოლოდ შენ შეგეძლო ჩემი დამწერლობის ამოკითხვა თითოეულ მოძრაობაზე, ახლა შენც დაკარგე ამის უნარი. ჯიუტად მიმიზნებ ღიმილს სახეზე და მაიძულებ ბრაზი ჩემშივე ჩავკლა.
-არ გაგიხარდა, რომ შემხვდი?
“როგორ გამიხარდა შენი ნახვა.. შენთან შეხვედრა და ძველი, ტკბილი დროის ამოტივტივება გონების უზარმაზარ ოკეანეზე.” ასე ეტყოდნენ რომელიმე რომანტიული ფილმის გმირები ერთმანეთს, გრძელვადიანი დაშორების შემდეგ. მე კი დომინოს ქვებით ნაშენები ციხე-კოშკები ორი თითის მოძრაობით ჩამომინგრიე. ახლა, სანამ მწვერვალზე უკანასკნელ ქვას შემოვდებ იძულებული ვარ ცხოვრების საწყისი ეტაპიდან მოვყვე ქრონოლოგიას და მცირედი ტკივილების ფონზე დავუბრუნდე რეალობას.
-მე გამიხარდა.
სიჩუმე ღიმილთან ერთად ავკინძე და თაროზე შემოვდე.
-მატყუარა გგონივარ?
ადრე გამეცინა ამ კითხვაზე, ახლაც მეცინება, მაგრამ უკვე მატყუარა მგონიხარ. ან უფრო ცბიერი, ლამაზი თვალებითა და მიმზიდველი სხეულით, რომელიც ზურგსუკან მალავს ალესილ რკინას. ეცდება, მიგიახლოვებს, მიგიზიდავს და წამში მოგაყენებს ჭრილობას გულის არეში.
-ხომ არ გეჩქარება?
არც არასოდეს მეჩქარებოდა, მაგიტომაც ვიდექი და გელოდი წითელქუდას გასავლელ გზაზე, მაგრამ შენ მგელმა შეგაცდინა, ან მგელი შეაცდინე და ჩემზე ფიქრი ნიავს გაატანე. მე მაინც ტყეში ვიჯექი ობლად, გამეზარდა წვერი, თმაც. შემდეგ წვერი გამიჭაღარავდა, თმა გამცვივდა და ბოლოს ჭადრებმაც მიმიღეს საკუთარ ოჯახში.
-ისევ წერ ჩემზე?
ფურცლებიდან ლამისაა გადმოხტნენ სიტყვები და შენკენ გამოიქცნენ.
-წავიდე?
დაგვინებული კითხვა.
-დროებით.
დაგვიანებული პასუხი.
ასე, მხოლოდ შენ კითხვებს მოვისმენ, ძველებურად, სიჩუმით შევეგებები მათ და დაველოდები შენს მორიგ გამოჩენას..