07:10
-ადექი, გათენდა!
-არ შემიძლია.
-გუშინაც ასე ამბობდი, გუშინ წინ, უკვე მივეჩვიე. ადე რა, მწყურია.
-შემეშვი.
-საკუთარ თავს ეუბნები რომ შეგეშვას? ოჰო მაგარია, ასე გააგრძელე!
-დამაძინე რა, ცოტახანი…
– გაუწყლოვნებით გინდა მოკვდე?
-უარს არ ვიტყოდი.
-ჰაჰა, მშვენივრად ვიცით, მაგის მაქნისიც რომ არ ხარ. რომ შეგეძლოს უკვე დიდი ხანია არ ვიარსებებდით.
-მოკეტე.
-არა, არ მოვკეტავ. იმდენად უმაქნისი ხარ, საკუთარ გონებასაც ვერ აჩუმებ. სიცოცხლის შეწყვეტაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ამის ნიჭიც არ გაქვს. აეთრიე ფეხზე და წყალი დალიე თორე აღარ შემიძლია, ენას ვერ ვგრძნობ, ისე გამიშრა.
-კარგი ჰო. აჰა, კმაყოფილი ხარ?
-როგორ მომბეზრდი, წარმოდგენა ხომ არ გაქვს… საკუთარ თავს რომ ასე მობეზრდები, რაღა გასაკვირია, ყველას რომ ჰკიდიხარ.
-მეც მკიდია ყველა.
-ნეტავ ადარდებდეთ. შენი არსებობა თუ ახსოვს ვინმეს, მაგაზეც მადლობა თქვი.
-როცა ახსოვდათ, მაშინ რა მქონდა სამადლობელო? მოდი დაგვეხმარე, მოდი გამოგიყენებთ, ახლა კარგად ვართ და ნუ შეგვაწუხებ. გვიყურე და დატკბი. ახლა გაჩუმდი, ახლა ილაპარაკე…
– გეყოფა რა, დრამების შეთხზვა კარგად გეხერხება!
-არაფერს არ ვთხზავ.
-ანუ გარშემო ყველა ცუდია და შენ ხარ მხოლოდ თეთრი ბატკანი?ჰმ…
-ზუსტადაც რომ არა ვარ კარგი. ანუ, საკმარისად კარგი არ ვარ და ალბათ ,ამიტომ ვიყავი ყოველთვის რომელიღაც ვარიანტი, ვიღაცის ან რაღაცის ფონი და ფიზიკურად თუ არა, სულიერად მუდამ გარიყული.
-ჰო არა? და რა არ გაქვს საკმარისად, რა დააკლდათ ნეტა?
-არ ვიცი, შეიძლება გარეგნობა, ფული, ქარიზმა , ან ყველაფერი ერთად.
-იქნებ უბრალოდ ინტროვერტი ხარ და შენი ხიბლი რთულად შესამჩნევია?
-საკუთარი ოჯახისთვისაც?
-ოჯახს მაინც შეეშვი, ერთადერთი რამ, რაშიც გაგიმართლა.
-კიბატონო, მშვენიერი ოჯახი მაქვს, თუმცა ჩემ გარეშე უფრო მშვენიერი იქნებოდა. თავადაც ხვდებიან და მეც ყოველთვის ვგრძნობდი.
-რას გრძნობდი? ვერ გავიგე.
-თითქოს დაუპატიჟებელი სტუმარი ხარ საკუთარ სახლში. კარგად გექცევიან, არაფერს გაკლებენ, თუმცა, ეს ვალდებულების მოხდაა და მეტი არაფერი.
-ბავშვობაში მეგობრები გყავდა, ერთობოდი.
-რა მეგობრები? ვისზე ამბობ?
-გაიხსენე ,გაიხსენე.
-მე არ ვუწოდებდი ვინმეს მეგობარს. უბრალოდ ხანდახან ვჭირდებოდი, ხანაც მითმენდენ. ხშირად უფროსი ხალხის დავალებით, ან უბრალოდ ზრდილობისთვის…
-მძიმე შემთხვევაა, სამკურნალო ხარ, იცი? მინიმუმ დეპრესია გაქვს.
-არ მინდა მკურნალობა, მშვენივრად ვარ.
-სარკეში მაინც ჩაგეხედა, სანამ ამას იტყოდი.
-ღმერთო ჩემო, საკუთარი თავიც კი დამცინის.
-ხოდა იმკურნალე-მეთქი, რომ აღარ დაგცინო.
-ჯანმრთელი ვარ და ბედნიერი
-…რა თქმა უნდა.
00:50
– დღეს ბევრი ვიარეთ, დავიღალე… ძილს ვიცი არ მაღირსებ.
-თითქოს შემეძლოს რამის შეცვლა. წამლებს მივეჩვიე და სიბნელეც აღარ მყოფნის.
-ბილოჯერ როდის გვეძინა, აღარც კი მახსოვს.
-მგონი არც არასდროს მეძინა. საფლავში გამოვიძინებ.
-არ გინდა ვინმე მოიკითხე? წადი სადმე, გაერთე.
– არ შემიძლია, თავს ვერ მოვახვევ.
-დაპატიჟებაზე უარს არ გეტყოდნენ. ხოდა მიდი რა, ერთხელ გაბედე და შესთავაზე.
-არ მინდა, არ ვჭირდები არავის. უჩემოდ უკეთესად ერთობიან.
-მერე რა, ხანდახან შენც აგიტანენ.
-შემეშვი, ჯობია სერიალი ჩავრთო.
-საჭმელიც დავაყოლოთ.
-რა დროს საჭმელია, ღამის ორ საათზე!
-შენც ახლა ჯანმრთელობას არ უფრთხილდებოდე ან წონას.
-ჰო კარგი, დღეს ბოლოჯერ.
-უჰუ, როგორც ყოველთვის.
***
-როგორ ფიქრობ, მომავალში რას გააკეთებ? რამე ცვლილებებს არ გეგმავ?
-რა ცვლილებებს?
-იქნებ წავიდეთ სადმე, საცხოვრებელი შევიცვალოთ.
-სად?
-სადმე ,არ ვიცი. სადაც არ გვიცნობენ.
-კარგი იქნებოდა.
-თუმცა, შენ სად წამსვლელი ხარ, დილით ონკანამდე ძლივს მიგათრიე.
-არაფერი არ მინდა ,იცი? სულ არაფერი.
-სიკვდილი გინდა.
-უფრო სულ რომ არ მეარსება ეგ.
-მოსაწევიც გინდა…
-არა!
– კი, კი. რა ჯობია მშვიდ საღამოს კაიფში… გალაქტიკებს აღმოაჩენ ჩაიში..
-მუსიკას ჩავრთავ.
-კარგია, ხმას აუწიე.
-იცი რა მინდა?..
-…?
– რომ ვინმეს ვუყვარდე. ისე, უბრალოდ. არაფრის გამო.
-ანუ?
-რომ ვიცოდე, რომ ჩემგან არაფერი არ სჭირდება, ჩემი თავის გარდა.
-ანუ ჩემ გარდა, არა?
-შენ ვინ ხარ?
-შენი თავი. და სხვათაშორის არც მე მჭირდება შენგან რამე. არ გყოფნის?
-მყოფნის.
P.S
თუ ადამიანს დეპრესია აქვს მისი ფიქრები დამახინჯებულია და ირაციონალური. კარგს ვეღარაფერს ამჩნევს და მხოლოდ უარყოფითზეა გადართული. თუ ასე ხარ, ჩამოწერე ყველაფერი კარგი რაც გაგაჩნია, დაწყებული მინიმუმიდან. ჩამოწერე ყველაფერი რისთვისაც მადლიერი ხარ და ხშირად გადახედე. იპოვე შენზე უარეს მდგომარეობაში მყოფი და დაეხმარე. თუ შენით ვერ უმკლავდები სიტუაციას მიაკითხე სპეციალისტს .